პანდემიამდე არსებულ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმზე იტალიის დაბრუნების გეგმას ქვეყნის მთავრობა კვირის ბოლომდე წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღეს, 21 აპრილს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის მთავრობა იტალიის ნორმალური ცხოვრების აღსადგენად ექსპერტების ჯგუფებთან ერთად მუშაობს. შესაბამისი ღონისძიებები 4 მაისიდან დაიწყება.
კონტემ აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლობა იქნებოდა ყველაფრის „ერთბაშად გახსნა“, მისი თქმით, ქვეყნის აღდგენის დეტალური გეგმა „ყველა შესავალს“ ითვალისწინებს.
კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენამდე და თერაპიის ჩატარების შესაძლებლობის გაჩენამდე ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა საზოგადოებრივ ადგილებში იტალიაში სავალდებულო იქნება, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ სენატში გამოსვლისას დღეს, 21 აპრილს.
პრემიერ-მინისტრმა, აგრეთვე, დააანონსა ეკონომიკის დახმარების ახალი პაკეტი, რომლის მთლიანი მოცულობა 50 მილიარდი ევრო იქნება, უკვე გამოყოფილი 25 მილიარდი ევროს გარდა.
როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, იტალიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ვადა 3 მაისამდე გაგრძელდა. ბოლო დღეებში ქვეყანაში SARS-CoV-2-ით ინფიცირების შემთხვევები, გარდაცვლილთა და მძიმე პაციენტების რაოდენობა თანდათან მცირდება და ექსპერტების თქმით, პიკმა გადაიარა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილტვების ვენტილაციის აპარატები ყველა დაავადებულისთვის საკმარისია, რაც ნიშნავს, რომ არჩევანის გაკეთებაა აღარ არის საჭირო. პირველად საგანგებო სიტუაციის დაწყებიდან იტალიაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების რაოდენობამ (2659) ინტენსიური თერაპიის პაციენტების რაოდენობას (2573) გადააჭარბა, ამის შესახებ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა კომისარმა დომენიკო არკურიმ განუცხადა ჟურნალისტებს.
კოვიდ-19-ის საგანგებო სიტუაციის დაწყების შემდეგ გუშინ, 20 აპრილს პირველად მოხდა, რომ მოქმედ პაციენტთა რაოდენობა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის „რესტარტის“ დრო მოვიდა, მით უმეტეს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დროის ტყუილად დაკარგვის საშუალებას არ იძლევა.
2020 წლის პირველ ნახევარში იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 15%-ით შემცირდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – ასეთი პროგნოზის შესახებ განაცხადეს დღეს ქვეყნის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში. კლება ყველაზე სერიოზული იქნება ისტორიის მანძილზე, მაჩვენებლები 3-ჯერ უფრო ძლიერად შემცირდება, ვიდრე 2008-2009 წლების კრიზისის დროს, ამბობენ საბიუჯეტო ოფისის ექსპერტები და მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს საგანგებო ზომები ეკონომიკის დასახმარებლად.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები