fbpx
იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: გამოჯანმრთელების რეკორდული მაჩვენებელი; მოქმედ პაცენტთა რიცხვი 528-ით შემცირდა

სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე იტალიაში კორონავირუსის პანდემიის ახალი, 21 აპრილის მაჩვენებლები გააცნეს ჟურნალისტებს:

გასულ 24 საათში ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის – 2723 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 51 600-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ისევ გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ ერთ დღეში 534 ადამიანი დაიღუპა კოვიდ-19-ით (გუშინ – 454) და მსხვერპლთა რიცხვმა 24 648-ს მიაღწია.

დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2729 ახალი შემთხვევა (წინა დღით – 2256). ამ დროისათვის იტალიაში აქტიურ პაციენტთა რიცხვი 107 709-ს შეადგენს, რაც 528-ით ნაკლებია, ვიდრე 20 აპრილის მონაცემებით (ეს მაჩვენებელი მეორე დღეა, მცირდება: გუშინ 20-ით შემცირდა წინა დღესთან შედარებით, დღეს – 528-ით გუშინდელთან შედარებით). გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით იტალიაში მთლიანობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 183 957 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ისევ შემცირდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული ანუ მძიმე პაციენტების რიცხვი  და ამჟამად ეს მაჩვენებელი 2471-ს შეადგენს (102-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით), აქედან 891 პაციენტი ლომბარდიაშია, 50-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. 

აღსანიშნავია კიდევ ერთი კარგი ფაქტი: პირველად საგანგებო სიტუაციის დაწყებიდან იტალიაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების რაოდენობამ (2659) ინტენსიური თერაპიის პაციენტების რაოდენობას (2471) გადააჭარბა, ამის შესახებ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა კომისარმა დომენიკო არკურიმ განუცხადა ჟურნალისტებს. ეს ნიშნავს, რომ ექიმები მძიმე არჩევანის წინაშე აღარ დადგებიან, რომელი პაციენტი შეაერთონ დაუყოვნებლივ აპარატზე და რომელი – არა, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: იტალია: ცხოვრების ნორმალურ რეჟიმზე დაბრუნების გეგმას მთავრობა კვირის ბოლომდე წარადგენს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close