ეკონომიკაიტალია

რიჩონეს მერი: „ივნისის შუა რიცხვებიდან გავხსნით პლაჟებს, თუმცა დამსვენებელთა შეზღუდული რაოდენობით“

იტალიაში ადრიატიკის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მოდური პლაჟი სეზონის „ჩაგდებას“ არ აპირებს

რენატა ტოზი: „რივიერა რომანიოლა გამოწვევას იღებს!“

„ივნისის მეორე ნახევარში, ვფიქრობ, შესაძლებელია პირველი მცდელობები, გავსხნათ პლაჟები ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტებისთვის. ისე იქნება, თითქოს თავიდან, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. პლაჟებზე გვექნება ქოლგები ნაკლები რაოდენობით, აპერიტივები – ნაკლები რაოდენობით და ნაკლები დამსვენებელი გვეყოლება“, – განაცხადა რიჩონეს (ემილია-რომანია, იტალია) მერმა რენატა ტოზიმ მედიასთან ინტერვიუში.

კითხვაზე, რას ფიქრობს ქოლგებს შორის გამყოფად ორგანული მინის გამოყენებაზე, 52 წლის პოლიტიკოსმა უპასუხა:

„დაივიწყეთ. კარგი იდეაა, მხოლოდ – ამ მასალის მწარმოებლებისთვის“.

რიჩონე – ადრიატიკის ზღვის სანაპიროს მწვანე მარგალიტია, განთქმული სასტუმროებითა და ტურისტული დასახლებებით. როგორ ემზადებიან ისინი?

„სასტუმროებიც უნდა მოერგონ არსებულ სიტუაციას. აუცილებლია სოციალური დისტაციის დაცვა, რომელიც შეცვლის სასტუმროებში ცხოვრების სტილს. სარესტორნო დარბაზებში  მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა კატეგორიული მოთხოვნა იქნება. ვფიქრობ, შესაძლებელია სადილი პლაჟზე, ქოლგის ქვეშ, ან საუზმე – მხოლოდ ნომერში, ზღვის შესანიშნავი ხედით.

ბევრი ოტელიერი ფიქრობს, რომ ამ ზაფხულზე არ გაიხსნება…

პესიმისტურ შეხედულებებს არ ვეთანხმები. ჩვენ, რომანიის მცხოვრებლები მებრძოლები ვართ, რომლებსაც გამოწვევების არ ეშინიათ…

რომანია ყვავის ტურიზმის, სილამაზის, მზის და ზღვის წყალობით…

რაც შეეხება სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებას, ღამის კლუბებს და ა. შ., ამასთან დაკავშირებით მერი ამბობს: „მოდი, დავივიწყოთ ყველა დიდი ღონისძიება, რიჩონემ ისინი მომავალი წლისთვის გადადო – ადამიანებს ვერ მოვატყუებთ…“

მისივე თქმით, პლაჟზე ადგილების წინასწარ დაჯავშნის საკითხს განიხილავენ.

ნინო ხოშტარია

p. s. ეს ფოტო გადაღებულია გასულ  ზაფხულს რიჩონეს პლაჟზე, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ინიციატივა „ყველაზე დიდი ჯგუფური ფოტო მსოფლიოში“ ფოტოგრაფ-მაშველს ჯილბერტო ფუზის ეკუთვნის. ფოტოსესიაში 8-10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. საინტერესოა, როდის გვექნება კიდევ ამგვარი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა?

რიჩონეს პლაჟი გასულ ზაფხულს, ივნისი, 2019

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close