fbpx
პოლიტიკასაქართველო

ვის არ ეკრძალება ჩაკეტილ 4 ქალაქში შესვლა-გასვლა – საქართველოს მთავრობის დადგენილება

თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის ჩაკეტვის შემდეგ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა იკრძალება ყველა მოქალაქისთვის, თუმცა იქნება გამონაკლისებიც. მთავრობამ დღეს, 15 აპრილს დადგენილება გამოსცა, რომელშიც გაწერილია, ვისთვის და რა შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისები.

მოქალაქეებს ამ ქალაქებში შესვლა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მოცემულ მისამართზე ანუ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ბრუნდებიან, თუმცა შესვლის შემდეგ ქალაქს ვეღარ დატოვებენ აკრძალვის ვადის გასვლამდე.

შსს-ს ცნობით, ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა შეზღუდვის ამოქმედების შემდგომ (კომენდანტის საათის გათვალისწინებით) შეუძლიათ მხოლოდ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს რეგისტრაციის მისამართზე დაბრუნების მიზნით. ასეთი პირები ვეღარ შეძლებენ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ზემოხსენებულ ქალაქებში დაბრუნებას.

გარდა ამისა, ქალაქებში შესვლა-გასვლა არ ეკრძალებათ:

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობის საჭიროების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამსახურებრივი საქმიანობის საჭიროების შემთხვევაში;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანის დროს;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებისას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით;
  • მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სამუშაოს შესრულებისთვის;
  • მიცვალებულის გადასვენება-დაკრძალვის დროს;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული მიზნებისთვის;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის დროს;
  • საჯარო დაწესებულებებისა და დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

ოთხივე ქალაქის შესასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები ეწყობა. მოქალაქეთა გადაადგილებას სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close