fbpx
პოლიტიკასაქართველო

ხვალიდან 4 დიდი ქალაქი იკეტება, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 10 მაისამდე გაგრძელდება

მთავრობა სასაფლაოების დახურვის საკითხსაც განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15 აპრილს, 21:00 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. აკრძალვა 10 დღის ვადით გაგრძელდება.

„…გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ადამიანი ინფიცირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, როდის მოხდება გავრცელების პიკი.

„ამიტომ, ამ გაურკვევლობის ზონაში მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, … მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ 15 აპრილიდან 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში – შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე.

გიორგი გახარიამ, აგრეთვე, მიმართა პრეზიდენტს, რათა, თავის მხრივ, მან მიმართოს პარლამენტს უახლოეს მომავალში მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ.

განიხილება სასაფლაოების დახურვის საკითხიც: ამის შესახებ განცხადება პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა სერიოზულად განიხილავს ამ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალქებთან დაკავშირებით და, დიდი ალბათობით, ამ შეზღუდვის შემოღება მთავრობას მოუწევს, მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით. პრემიერის თქმით, ეს  დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკა.

„ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში და ამის შესახებ წინასწარ ადამიანებს გავაფრთხილებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევა, 30-ით მეტი, ვიდრე გუშინ. გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი, 3 ადამიანი კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე, რომელთაც SARS-CoV2-ით ინფიცირება საზღვარგარეთ დაუდგინდათ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close