იტალიასაზოგადოება

იტალია: SARS-CoV2-ით ინფიცირების 2972 ახალი შემთხვევა, მოქმედ პაციენტთა რაოდენობა 675-ით გაიზარდა

იტალიის ახალი სტატისტიკა 14 აპრილის დღის ბოლოსთვის კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ასეთია: მთლიანობაში დაფიქსირებულია ინფიცირების 162 488 შემთხვევა, მათგან 2 972 შემთხვევა – გასულ ერთ დღე-ღამეში; სულ გარდაიცვალა 21067 პაციენტი, 602 – გასულ 24 საათში; გამოჯანმრთელდა 37 130 ადამიანი, 1695 – ბოლო ერთ დღეში; ისევ შემცირდა (74-ით) რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რიცხვი და ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3186 პაციენტია მოთავსებული (მათგან 1122 – ლომბარდიაში, 21-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით) – ეს მონაცემები წარმოადგინეს დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე.  

ამ დროისთვის იტალიაში 104 291 მოქმედი პაციენტია, 675-ით მეტი, ვიდრე გუშინ. ეს ზრდა ყველაზე ნაკლებია 6 მარტის (+620) შემდეგ.

სამწუხაროდ, კიდევ 4 ექიმი გარდაიცვალა და სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-მა 116 ექიმი იმსხვერპლა – ამის შესახებ ექიმთა ნაციონალურ გაერთიანებაში განაცხადეს. გარდაცვლილია, აგრეთვე, 8 ფარმაცევტი.

იტალიაში 12-13 აპრილს ახალი რეკორდი დამყარდა ჯარიმების რაოდენობის მხრივ, რომელიც პოლიციამ თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევების ფაქტების გამო გამოწერა. ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, 12 აპრილს, კათოლიკური აღდგომის კვირა დღეს, 12 ათასზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა დადგენილი შეზღუდვების წესების დარღვევისთვის, მეორე დღეს, ორშაბათს კი (იტალიაში აღდგომის მომდევნო ორშაბათი, ჩვეულებრივ, დასვენების დღეა) – 16 545.

უსაფრთხოების დაცვით წარმოების განახლებისთვის იტალიაში თვეში დაახლოებით მილიარდი სამედიცინო ნიღაბი იქნება სჭირო, – ასეთ განცხადებას ავრცელებს ტურინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, მათი თქმით, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ საწარმოებს და მოქალაქეებს ყოველთვიურად დასჭირდებათ 456 მილიონი ერთჯერადი ხელთათმანი, 9000მ³ (9 მილიონი ლიტრი) სადეზინფექციო გელი, 2,1 მლნ თერმომეტრი, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

იტალიის ხელისუფლებამ 14 აპრილიდან ნაწილობრივ შეარბილა საერთოეროვნული კარანტინის რეჟიმი და ქვეყნის უმეტეს რეგიონში გაიხსნა საკანცელარიო და წიგნების მაღაზიები, აგრეთვე, ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიები, სათანადო სანიტარიული მოთხოვნების დაცვის პირობებით. მთავრობა ზოგიერთი საწარმოს გახსნასაც აპირებს ეტაპობრივად, უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვით და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close