fbpx
საზოგადოებასაქართველო

30 ახალი ინფიცირებული საქართველოში გასულ 24 საათში, მათ შორის არიან სასულიერო პირი და მისი და

გაჩნდება თუ არა „ეკლესიის კლასტერი“? - კორონავირუსით ინფიცირებული მღვდლის კომენტარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყნაში დღემდე არ დაფიქსირებულა. 30 ახალი პაციენტი 24 საათში, საერთო ჯამში კი, დადასტურებული 296 შემთხვევა. 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის 3 გარდაცვლილი გვყავს, სამივე ხანდაზმული ქალბატონი.

30 ახალ ინფიცირებულს შორის არის სასულიერო პირიც – თბილისში, ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელს მამა გიორგის (პაპავა) კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტით დაუდასტურდა. იგი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული და განმეორებით ანალიზს ელოდება.

საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში მან გაიხსენა, თუ როგორ აღმოუჩინეს ახალი კორონავირუსი.

„სიმპტომატიკა დამეწყო ხარებას საღამოს. ხარება საღამოს სიცხემ ამიწია. დაახლოებით 38 -მდე მქონდა და მეორე დღეს უფრო მეტი – 39, მერყეობდა ყოველდღე. ხარების დღეს წირვა ჩავატარე, მაგრამ დისტანციურად ვართ და მაქსიმალურად კონტაქტი არ მქონია, შორს ვიდექით ყველა, მარტო მე კი არა, ყველა დისტანციურადაა. ვიცავდით, ერთმანეთს არ შევხებოდით. ხარების დღესასწაულზე მე არ მიზიარებია მრევლი. საერთოდ არ გავსულვარ არსად. ვიყავი შიგნით, როგორც კი დასრულდა მსახურება, მე წავედი.

მე არავისთან არ მქონდა კონტაქტი, საერთოდ არც აღსარებაზე გავდივარ, რაც დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა.

უწმინდესმა გვაკურთხა, რომ აღსარებაზე შეიზღუდეთო და მეც ესე ვცდილობდი. მხოლოდ წერილობით ვინმე რომ გადმომცემდა სტიქაროსნის მეშვეობით, ამას ვკითხულობდი ისიც იშვიათად. მეტი უშუალო კონტაქტი არ მქონია. ბოლოს ტაძარში ხარება დღეს ხომ ვიყავი, ოთხშაბათს არის ჩემი დღე მსახურების, რუსული მსახურება უწევდა იმ დღეს და იმ დღეს ვიმსახურე მე. მაგრამ ტაძარში ერთადერთი ადამიანი იდგა, ისიც ბოლოში. მონაწილეობა მსახურებაში არ მიუღია, კონტაქტი ან ვინმესთან არანაირი არ მქონია საერთოდ. მსახურება როგორც კი მორჩა, ტაძარი დავხურე წავედი. ბზობაზე ტაძარში არ ვყოფილვარ. შვიდი რიცხვის მერე გარეთ არ გავსულვარ. ზიარებით ოთხშაბათს არავინ მიზიარებია, ერთი კაცი იყო იქ“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა იქამდეც აღენიშნებოდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა სასულიერო პირის დასაც, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანია.

გააჩენს თუ არა ეს შემთხვევა ეკლესიის „კლასტერს“? – ამჟამად კონტაქტებზე სპეციალისტები მუშაობენ და ამ კითხვაზე პასუხი უახლოეს დღეებში გვექნება.

ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი დღეს იქ მისულ მრევლს დაკეტილი დახვდა.

მეორე სასულიერო პირს კი, რომელიც 2 დღის წინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს კორონავირუსზე ეჭვით, ინფექცია არ დაუდასტურდა და იგი კლინიკას დღეს დატოვებს. კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა გუშინ მისი ოჯახის ერთ წევრს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close