საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მადლობას უხდის. სოციალურ ქსელ ტვიტერში ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მისი სიცოცხლის გადარჩენისა და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა როგორც პირადად ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც მისი ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, 24 საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ, ასევე მთლიანად სისტემაში მომუშავე პირებს.
ბორის ჯონსონის თქმით, სწორედ ძლიერი ჯანდაცვის სისტემის წყალობით, ქვეყანა შეძლებს დაძლიოს პანდემია. მან ასევე ხაზი გაუსვა სოციალური დისტანციის შენარჩუნების მნიშვნელობას.
„მე დღეს საავადმყოფო დავტოვე, ერთი კვირის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. რთულია, ვიპოვო სიტყვები ჩემი მადლიერების გამოსახატად. მე ვიხილე პერსონალის სიმამაცე, არა მხოლოდ ექიმებისა და ექთნების, არამედ ყველასი, დამლაგებლების, მზარეულების, ფიზიოთერაპევტების, ექოსკოპისტების, ფარმაცევტების, რომლებიც ყოველდღიურად მოდიოდნენ, ამ მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე პერსონალური მადლობა გადაუხადა ორ ექთანს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე მყოფ პრემიერს უწყვეტად მეთვალყურეობდნენ.
ბორის ჯონსონის განცხადებით, ის გამოჯანმრთელების პროცესს ქალაქგარეთ რეზიდენციაში განაგრძობს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მიერ საავადმყოფოს დატოვების შესახებ ინფორმაცია „ბიბისიმ“ დღეს გაავრცელა ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
ჯონსონი ლონდონში მდებარე წმ. თომას საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული კოვიდ-19-ის გართულებული კლინიკის გამო. „ბიბისის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სამუშაოს დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდება.
ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო გარდაცვალებულთა რიცხვმა 10 612-ს (+727 – ბოლო 24 საათში) მიაღწია, დადასტურებულია ინფიცირების 84 279 შემთხვევა (+5288), გამოჯანმრთელდა 344 ადამიანი.
It is hard to find the words to express my debt to the NHS for saving my life.
The efforts of millions of people across this country to stay home are worth it. Together we will overcome this challenge, as we have overcome so many challenges in the past. #StayHomeSaveLives pic.twitter.com/HK7Ch8BMB5
— Boris Johnson #StayHomeSaveLives (@BorisJohnson) April 12, 2020
წყარო: 1tv.ge
კომენტარები