მსოფლიოპოლიტიკა

ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მადლობას უხდის. სოციალურ ქსელ ტვიტერში ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მისი სიცოცხლის გადარჩენისა და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა როგორც პირადად ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც მისი ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, 24 საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ, ასევე მთლიანად სისტემაში მომუშავე პირებს.

ბორის ჯონსონის თქმით, სწორედ ძლიერი ჯანდაცვის სისტემის წყალობით, ქვეყანა შეძლებს დაძლიოს პანდემია. მან ასევე ხაზი გაუსვა სოციალური დისტანციის შენარჩუნების მნიშვნელობას.

„მე დღეს საავადმყოფო დავტოვე, ერთი კვირის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. რთულია, ვიპოვო სიტყვები ჩემი მადლიერების გამოსახატად. მე ვიხილე პერსონალის სიმამაცე, არა მხოლოდ ექიმებისა და ექთნების, არამედ ყველასი, დამლაგებლების, მზარეულების, ფიზიოთერაპევტებისექოსკოპისტების, ფარმაცევტების, რომლებიც ყოველდღიურად მოდიოდნენ, ამ მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე პერსონალური მადლობა გადაუხადა ორ ექთანს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე მყოფ პრემიერს უწყვეტად მეთვალყურეობდნენ.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ის გამოჯანმრთელების პროცესს ქალაქგარეთ რეზიდენციაში განაგრძობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მიერ საავადმყოფოს დატოვების შესახებ ინფორმაცია „ბიბისიმ“ დღეს გაავრცელა ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

ჯონსონი ლონდონში მდებარე წმ. თომას საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული კოვიდ-19-ის გართულებული კლინიკის გამო. „ბიბისის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სამუშაოს დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდება.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო გარდაცვალებულთა რიცხვმა 10 612-ს (+727 – ბოლო 24 საათში) მიაღწია, დადასტურებულია ინფიცირების 84 279 შემთხვევა (+5288), გამოჯანმრთელდა 344 ადამიანი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close