fbpx
საზოგადოებასაქართველო

STOPCOV.GE-ს მონაცემებს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა – უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები

„ტერმინალური“ პაციენტი, 62 წლის მარნეულელი ქალი გამოჯანმრთელდა

ამ დროისათვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 242 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი (მათ შორისაა დღეს გამოჯანმრთელებული 2 წლის ბავშვი, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული), გარდაცვლილია 3 ადამიანი – სამივე ასაკოვანი ქალბატონი. კარანტინის რეჟიმშია – 4856, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

მონაცემებს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე stopcov.ge დაემატა კიდევ ერთი პუნქტი: უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პირველად მოხდა, რომ საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა კოვიდის 19-ის დადასტურებული შემთხვევები – ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან („იქ დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან“), აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე განიხილება აღრიცხვის დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ მარნეულელი „პირველი პაციენტი“, 62 წლის ქალი, რომლის მდგომარეობასაც ტერმინალურად (ბოლო სტადია) განიხილავდნენ ექიმები და მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანის დროს უმძიმესად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად აფასებდნენ მიმართვის დაგვიანების და თანმხლები პათოლოგიების გამო, ექიმების მცდელობის შედეგად გამოჯანმრთელდა და კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, უახლოეს მომავალში გაწერენ.

მარნეული და ბოლნისი ჯერჯერობით ისევ საკარანტინო ზონად რჩება, ამ დროისთვის იქ მოსახლეობის განმეორებითი შემოწმება მიმდინარეობს.

„მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, – განაცხადა გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, – ერთი ინფიცირებულიდან გამოვლენილი იყო 150-ზე მეტი კონტაქტი. 150 კონტაქტიდან დაინფიცირებული იყო მხოლოდ 14, რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია. დღეს მიმდინარეობს რეგიონის უკვე მეორედ შემოწმება, რადგან ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირი იყოს გამოვლენილი“.

გუშინ მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

გუშინდლიდან მკაცრი კარანტინის ზონაა ლენტეხის მუნიციპალიტეტ, სადაც ერთ-ერთ სოფელში – მელეში კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. დღეს სოფელში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა – შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა 50 ოჯახში სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს საცხოვრებელი სახლების შიდა და გარე პერიმეტრი.

აგრეთვე, ჩატარდა მელეს მოსახლეობის თერმოსკრინინგი, შედეგად გამოვლინდა ორი საეჭვო შეთხვევა. სოფლის ეს მაცხოვრებლები იზოლაციაში იქნებიან და მათ მდგომარეობას მედიკოსები დააკვირდებიან.

ლენტეხში სრული საკარანტინო რეჟიმი გუშინ გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის, მელეს ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი კოვიდ-19-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ოთხივე პაციენტი სამკურნალოდ თბილისშია გადმოყვანილი, მათგან სამი – საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, მცირეწლოვანი ბავშვი კი – ინფექციურ საავადმყოფოში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტთან საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებს პოლიცია და თავდაცვის ძალები 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.

ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება ვანში – დედ-მამას, მათ ქალიშვილს და მის მეუღლეს. 4-ივე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – გუშინ დააწვინეს, ახლგაზრდა ქალი კი – დღეს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კლინიკას დღეს კორონავირუსის დიაგნოზით ხუთი ახალი პაციენტი დაემატა და ახლა კლინიკაში ინფიცირებული 17 პაციენტია მოთავსებული, მათგან 14-ს პნევმონია აქვს. ახალი შემთხვევებიდან ერთი პაციენტი მიეკუთვნება ვანის კლასტერს (ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ), ერთი – სოფელ ფარცხანაყანევის, ორი ქობულეთის მკვიდრია – ბებია და ხუთი წლის შვილიშვილი, ქუთაისის ცხელების ცენტრიდან შესული ერთი პაციენტის, ახალგაზრდა მამაკაცის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

მათივე ინფორმაციით, ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს ან ხვალ დატოვებს.

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ ვანში კორონავირუსით ინფიცირებულის ყველა კონტაქტი მოძიებულია, ყველა ის ადამიანი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებელი იყოს, თვითიზოლაციაშია და მათზე კონტროლი ხორციელდება, აქედან გამომდინარე, ვანის მუნიციპალიტეტში ზომების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება. რეგიონში შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, ვანის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის შესასვლელებში მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

იმერეთის გუბერნატორმა ისაუბრა თერჯოლაში არსებულ ვითარებაზეც.

„სოფელ ღვანკითში ქალბატონს, რომელიც 65 წლისაა, არ ჰქონია მეზობლებთან და თავისი სოფლის, რაიონის წარმომადგენლებთან კონტაქტი. გუშინ საღამოს დაგვიფიქსირდა მისი დადებითი პასუხი და მაშინვე ინფექციურში გადმოვიყვანეთ. გამოვიკვლიეთ კონტაქტები. ძირითადად, ეს ამ ქალბატონის ოჯახის წევრები არიან. პლუს, ოთხი ადამიანი, რომლებიც კარანტინში გადაიყვანეს და ერთი მეზობელი, რომელმაც საავადმყოფომდე მიიყვანა. ისიც კარანტინშია. მათი ანალიზების პასუხს ველოდებით.

სოფელ საზანოს რაც შეეხება, იქ თვითიზოლაციაში არიან ის პირები, ვინც დაინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ“, – განმარტა ზვიად შალამბერიძემ.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ სამედიცინო მარაგებს, მისი თქმით, ისინი საკმარისია.

კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს საღამოს ბათუმში, 6-ვე ე. წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

მეორადი კვლევის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთივე პირს, ვისი ანალიზიც პირველადი კვლევით საეჭვო იყო და დაემატა კიდევ ერთი ინფიცირებული პირი.

„150 კონტაქტი მოვიძიეთ, მათგან 100-ის გამოკვლევა მოხდა. ექვსი ინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია. ქობულეთის სოფლებში დავიწყებთ მასობრივ სკრინინგს. აღმოჩენილი კონტაქტები მკაცრ იზოლაციაში რჩებიან“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

გამოიკვლევენ დანარჩენ 50 პირსაც. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით კონტაქტების მოძიება გრძელდება.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close