საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
საუბარია თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ 81 წლის ქალზე.
რატიანის თქმით, პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო, რასაც თანმხლები დაავადებები განაპირობებდა.
„ქალბატონი გადმოყვანილი იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
1tv.ge
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. რვა ახალი შემთხვევა დღეს დილით დაფიქსირდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით გარდაცვლილია 2 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა.
პირველი გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330.
კომენტარები