იტალიაში გასულ დღე-ღამეში ბოლო 2 კვირის მანძილზე ყველაზე ცოტა ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით
ლომბარდიაში ახალი წესები მოქმედებს: სახლიდან გასვლა ნიღბის გარეშე აკრძალულია
იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 91 246 აქტიური პაციენტია, გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 4316 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (შაბათს დღეღამური ზრდა 4805-ს შეადგენდა). ინფიცირებულთა მთლიანმა რაოდენობამ, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 128 948-ს* მიაღწია. მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
წინა დღეებთან შედარებით შემცირდა გარდაცვალების შემთხვევათა რიცხვი – გასულ 24 საათში იტალიაში კოვიდ19-ის დადასტურებული დიაგნოზით 525 ადამიანი გარდაიცვალა (გუშინ – 681, პარასკევს – 776). ჯამში დაღუპულთა რიცხვი 15 887 შეადგენს.
მთლიანობაში გამოჯანმრთელდა 21 815 ადამიანი.
სიტუაცია გაუმჯობესდა ლომბარდიაში. რეგიონის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ჯულია გალერამ განაცხადა, რომ მაჩვენებლები იმედისმომცემია: 50455 შემთხვევა, 1337-ით მეტი, ვიდრე გუშინ; შემცირდა რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობაც. ლომბარდიაში გარდაცვლილია 8905 ადამიანი, 249-ით მეტი, ვიდრე გუშინ (წინა დღის ზრდა იყო 345).
ლომბარდიაში დღეიდან, სულ ცოტა, 13 აპრილამდე ახალი წესები მოქმედებს: სახლიდან ვინც გავა, აუცილებლად უნდა ეკეთოს ნიღაბი (ან ისეთი რამე, რომ ცხვირ-პირი დაფარული ჰქონდეს – ალტერნატივის სახით, შარფი, ცხვირსახოცი და ა. შ.). ეს არის გუბერნატორ ატილიო ფონტანას მიერ ხელმოწერილი ახალი დადგენილების მთავარი პუნქტი, რომელსაც ბორელი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია: „არ არსებობს დამაჯერებელი კვლევები ნიღბის გამოყენების თაობაზე ინფიცირებისგან თავდასაცავად; ვიცით, რომ ის ეფექტიანია დაინფიცრების წინააღმდეგ მაშინ, როდესაც დაინფიცირებული პირი ატარებს. ძირითადი ზომა – სოციალური დისტანციის დაცვაა… მე არ ვატარებ ნიღაბს, რადგან ვიცავ დისტანციას“, – განაცხადა ბორელიმ რეგიონის მთავრობის ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას.
ახალი დადგენილების თანახმად, ლომბარდიის მცხოვრებს შეუძლია საკუთარ საცხოვრებელ სახლს გასცდეს არაუმეტეს 200 მეტრისა. დადგენილებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ კომერციული დაწესებულებები ვალდებულები იქნებიან, მომხმარებლები ერთჯერადი ხელთათმანებით უზრუნველყონ. მაშინ როდესაც „ჰიპერმარკეტებს, სუპერმარკეტებს, დისქაუნტერებს და აფთიაქებს ევალებათ, მომხმარებლების და პერსონალის სხეულის ტემპერატურა შეამოწმონ. ყვავილების და მცენარეების ყიდვა უკვე ნებადართულია, მხოლოდ სახლში მიტანით“.
ხვალიდან მილანის ქუჩებში კიდევ დამატებით 180 პოლიციელი გამოვა მიღებული წესები დაცვის გასაკონტროლებლად.
„ანსას“ ინფორმაციით, ტოსკანაც აპირებს ანალოგიური ზომა შემოიღოს და ნიღბის გარეშე სახლიდან გასვლა აკრძალოს. ამის თაობაზე რეგიონის გუბერნატორმა ენრიკო როსიმ თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა. მისი თქმით, მოსახლეობას მუნიციპალიტეტი გადასცემს ნიღბებს უფასოდ.
ნიკო აბაშიშვილი
* აღსანიშნავია, რომ ინფიცირების მთლიანი მაჩვენებლით – 128 948 – იტალიამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა აშშ-ის (321 762, გარდაიცვალა 9132, გამოჯანმრთელდა 15044) და ესპანეთის (130 759; გარდაცვლილია 12 418 ადამიანი, გამოჯანმრთელებული – 38 080) შემდეგ.
კომენტარები