მსოფლიოსაზოგადოება

კორონავირუსი: ესპანეთში ერთ დღეში 9000-ზე მეტი დაინფიცირდა; ბელგიაში 12 წლის გოგონა დაიღუპა

რატომ არის გერმანიაში გარდაცვალების მაჩვენებელი ასე დაბალი?

ესპანეთში კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს. გასული 24 საათის განმავლობაში 849 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ 8189-ს მიაღწია. ამის შესახებ, ესპანეთის სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით, მედია იუწყება.

შეიმჩნევა ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი ზრდა – გასული დღე-ღამის განმავლობაში 9222 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა და შემთხვევათა მთლიანმა რაოდენობამ 94 417-ს მიაღწია. დიდია რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვიც – 5707; საბედნიეროდ, მაღალია გამოჯანმრთელების მაჩვენებელიც – 19 259, რითაც ესპანეთი მეორე ადგილზეა ჩინეთის (76 204) შემდეგ.

ბელგიაში 12 წლის გოგონა გარდაიცვალა კორონავირუსით. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, Le Soir-ი წერს. „ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომელმაც შეგვძრა“, – განაცხადა ვირუსოლოგმა ემანუელ ანდრემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. გამოცემის ცნობით, 12 წლის გოგონა ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლია ევროპაში, მანამდე 16 წლის მოზარდის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში, 14 წლის ბიჭი კი პორტუგალიაში გარდაიცვალა COVID-19-ის გამო.

ნიდერლანდებში 1040 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოვლინდა ინფიცირების 12 662  ფაქტი: ბოლო 24 საათში 1756 ადამიანი დაიღუპა და 845 დაინფიცირდა. ჰოსპიტალიზებულია 4 712 ადამიანი.

აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვმა ამ დროისთვის 3170-ს მიაღწია – 500 ადამიანი დაიღუპა ერთ დღე-ღამეში. ჯონს ჰოპკინსის რუკის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 164 719 შემთხვევაა დადასტურებული (2-ჯერ მეტი, ვიდრე – ჩინეთში).

მიუხედავად ამისა, აშშ იტალიაში 100 მლნ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გაგზავნის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც დასძინა, რომ შტატები უკვე აწოდებს იტალიას, საფრანგეთს და ესპანეთს ფილტვების ვენტილატორებს. „ჯუზეპე, – თქვა ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან დაკავშირებით, – ძალიან ბედნიერი იყო“.

გერმანიაში კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა და ამჟამად 0,8%-ს შეადგენს, თუმცა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვაგან. სპეციალისტები გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული დაბალი სიკვდილიანობის წინაპირობად რამდენიმე ფაქტს ასახელებენ:

პირველი ის არის, რომ გერმანიას ძლიერი სამედიცინო სისტემა და დიდი შესაძლებლობები აქვს. გერმანული კლინიკები მაღალ დონეზეა აღჭურვილი, სათანადოდ მობილიზებულია მაქსიმალურად ბევრი პაციენტის მისაღებად. გარდა ამისა, გერმანიაში, Christian Drosten virolgo-ს ინფორმაციით, კვირაში 500 ათას სწრაფ ტესტს ატარებენ, რის გამოც გამოვლენილია მაქსიმალურად ბევრი შესაძლო შემთხვევა. რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორი ლოთარ ვილერი მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის პროცენტი მალე მოიმატებს, რადგან დაბალი სიკვდილიანობა სწრაფი ტესტირების შედეგია მოკლევადიან პერიოდში, რომელიც გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად გაიზრდება, თუმცა, სავარაუდოდ, ისე არა, როგორც, ვთქვათ, იტალიასა და ესპანეთში, რადგან: პირველი – დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა მკურნალობის შედეგიანობას ზრდის; მეორე – სტატისტიკური მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 80%-ის ასაკი 60 წელზე ნაკლებია და ასეთ შემთხვევაში გამოჯანმრთელების შანსიც გაცილებით მაღალია – ეს აისახება კიდეც მაჩვენებლებზე: 67 051 ინფიცირებული, 682 გარდაცვლილი, 15 824 გამოჯანმრთელებული (გამოჯანმრთელებულთა რიცხვით გერმანია მესამე ადგილზეა ჩინეთის და ესპანეთის შემდეგ).

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის რუკის მიხედვით: ამ დროისთვის (19:00 სთ თბილისის დროით) მთელ მსოფლიოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 803 650 შემთხვევა, მსხვერპლთა რაოდენობამ 39 000-ს გადააჭარბა (39 033), გამოჯანმრთელებულია 172 772 ადამიანი. კორონავირუსმა შეაღწია მსოფლიოს 179 ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close