fbpx
მოდა/სილამაზე

რა მოხდება მოდის ინდუსტრიაში COVID-19-ის შემდეგ?

მოდის კომპანიებისა და მაღაზიების მეპატრონეები იძულებულები არიან, რომ დაიხურონ და ამიტომაც რთული არჩევნის წინაშე დგანან: ან უნდა შეინარჩუნონ საკუთარი ბიზნესები, ანდა, სხვების მსგავსად, კარანტინში გადავიდნენ და თანამშრომლებისათვის ხელფასების გადახდა განაგრძონ. ეს კი, ფაქტობრივად, მოკლე ვადაში გაკოტრებას ნიშნავს.

დედამიწამ შესვენება გამოაცხადა… რეალურ დროში მართლდება ჰოლივუდური ფილმების ყველა პროგნოზი – ახლა თქვენ უნდა გეშინოდეთ არა კრიზისების, არამედ ეპიდემიების, რომლებიც უკონტროლო ქაოსს იწვევს. სანამ სახელმწიფოს ლიდერები და ბიზნესმენები მდგრადი განვითარების შესახებ მსჯელობდნენ, დედამიწამ, სულ რაღაც 2 თვეში, თავისით გადაწყვიტა ყველაფერი და ერთი ხელის მოსმით შეცვალა მსოფლიო. COVID-19-ის მიზეზებსა და შედეგებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გამოიკვლევენ და განიხილავენ, თუმცა ერთი რამ ცხადია: სამყარო აღარასდროს იქნება უწინდელი.

დღეისათვის მოდის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ სფეროდ მიიჩნევა. ევროპაში ამ კომპანიებისა და მაღაზიების მეპატრონეებს საგადასახადო წახალისებასა და ბიზნესის მხარდაჭერას დაჰპირდნენ, რაც ათობით ათას სამუშაო ადგილს გულისხმობს, თუმცა აშკარაა, რომ მოცემულ პირობებში ადამიანებს ნამდვილად არ სცხელათ ახალი სამოსის შესაძენად.

როგორც ომის დროს ხდება, მოდის სამყარო ეპიდემიამ ახლა მთლიანად ჩაყლაპა. ყოვლისშემძლე ანა ვინტურმა (Anna Wintour), ჟურნალ Vogue-ის ამერიკული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ისარგებლა რა თავისი ავტორიტეტით, სასტიკად გააკრიტიკა დონალდ ტრამპი აშშ-ის მთავრობის მიერ გატარებული ზომების არაეფექტურობის გამო. ჯორჯო არმანიმ 1 მლნ ევროზე მეტი შესწირა იტალიაში კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბერნარ არნომ თავდაპირველად ჩინეთის წითელ ჯვარს 2 მლნ ევროზე მეტი გადაურიცხა, შემდეგ კი LVMH-მ (Louis Vuitton Moët Hennessy) პარფიუმერული ფაბრიკები ანტისეპტიკური გელის წარმოებისათვის გადააკეთა, რაც ახლა ბევრად უფრო საჭიროა, ვიდრე ძვირადღირებული სუნამოები.

ყოველივე ეს დღეს ხდება. მაგრამ რა მოხდება შემდეგ? მოდის ექსპერტები აქედანვე უამრავ კითხვას სვამენ: როგორ უნდა დაამყარონ სამომავლოდ მომხმარებლებთან კომუნიკაცია? აქვს თუ არა მომავალი მოდის კვირეულებს? საჭიროა თუ არა მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების ამდენი მოგზაურობა მთელ მსოფლიოში? – პასუხები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ COVID-19 ინდუსტრიაში ღირებულებების სრულ გადაფასებას და გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევს.

ფუტუროლოგი დუგ სტივენსი მოხმარების ბუმს პროგნოზირებს. როგორც კი სამყარო ცოტათი მაინც გამოვა ვირუსული შოკისგან, ადამიანები კვლავ მაღაზიებს მიაშურებენ. შეუძლებელია მუდმივად შიშში ცხოვრება. ასე იყო 9/11-ის შემდეგაც. ისტორიამ აჩვენა, რომ მოდის ინდუსტრიის გაფურჩქვნის პერიოდები მსოფლიო ომების შემდეგ იწყებოდა. ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან: ელზა სკიაპარელი, გაბრიელ შანელი, კრისტობალ ბალენსიაგა, კრისტიან დიორი, ივ სენ-ლორანი, პიერ კარდენი, უბერ დე ჟივანში – სწორედ მსოფლიო გლობალური რყევების შემდეგ გამოჩნდნენ ასპარეზზე.

დარწმუნებული არ ვარ, რომ მოხმარების ბუმი უახლოეს მომავალში დადგება. ამ მომავლამდე ყველა კომპანია ალბათ ვერც მიაღწევს. „გამოიყენეთ ეს დრო, რომ გაიაზროთ, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, შესთავაზეთ მომხმარებლებს ახალი ალტერნატივები, ახალი ფასეულობები და ამ პროცესში შეიძლება თქვენი ბრენდი ხელახლა გამოიგონოთ, – გვირჩევს დუგ სტივენსი. – ნუ დაუშვებთ, რომ ინოვაციები შეჩერდეს, რადგან ეს შეიძლება ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იყოს“.

ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ ონლაინ ვაჭრობის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას. სანამ პანდემია უკან არ დაიხევს, ადამიანები შეეცდებიან თავი აარიდონ სავაჭრო ცენტრებს, ოფლაინ მაღაზიებსა და, ზოგადად, ხალხმრავალ ადგილებს.

როგორც ჩანს, რობოტი კურიერები და კურიერი დრონები მალე რეალობად იქცევა. სახელგანთქმული ბრენდები, რომლებიც ადრე  ტრადიციულ მაღაზიებს ეყრდნობოდნენ, აქტიურად გადაინაცვლებენ ონლაინ სეგმენტში. მაგალითად, შანელის კომპანია. არ გამიკვირდება, თუ მალე მოდისა და მედიცინის სფეროები ერთმანთთან ითანამშრომლებენ.

სილამაზის ინდუსტრიის მომავალიც ასევე ბევრ კითხვას ბადებს. უკვე აშკარაა, რომ კოროვირუსის შემდეგ შეიცვლება სავაჭრო მაღაზიებში ბრენდების წარმომადგენლობის ტიპური ფორმატი. ვიღა მოინდომებს ტუჩსაცხის ტესტერის გამოყენებას თუგინდ დეზინფიცირებული ფუნჯით. მსოფლიოს წამყვან კოსმეტიკურ ბრენდებს ეს ესმით და მომხმარებლების შესანარჩუნებლად ალტერნატულ გზებს ეძებენ.

ჯერჯერობით ისღა დაგვრჩენია, ეპიდემიის დასრულებას დაველოდოთ და იმედი გვქონდეს, რომ „ნავთობის საკითხი“ მშვიდობიანად მოგვარდება და შევეცადოთ ეს დრო ჩვენი ცხოვრებისეული და პროფესიული ფასეულობების გადასახედად გამოვიყენოთ.

როგორც ცნობილია, ვენეციის არხებში წყალი გამჭვირვალე გახდა, ხოლო იშვიათი ფრინველები ადრე ხალხმრავალ კურორტებზე გამოჩნდნენ. ბუნებამ ადამიანების აურზაურისა და დაუდევრობისაგან დასვენება გადაწყვიტა.

ქსენია რიასოვა, Forbesის კონტრაქტორი

თარგმნა სოფო გურჯიშვილმა

წყარო: https://www.forbes.ru 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close