fbpx
საზოგადოებასაქართველო

ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 2 წლის ბავშვს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში შეიყვანეს

თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს ბოლნისიდან ორსული ქალი შეიყვანეს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა მას დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს, მათ შორის, ფილტვებზე.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის შესახებ ცნობილია, რომ მან აზერბაიჯანის საზღვარი 15 მარტს გადმოკვეთა. გაირკვა, რომ იგი იცნობს 4 მარნეულელ ქალს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ანუ მისი შემთხვევაც მარნეულის კლასტერს უკავშირდება.

ორსულის ქალისა და ნაყოფისთვის გრიპის ვირუსი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე კორონავირუსი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლნისიდან შეყვანილი ორსული ქალის მდგომარეობის კომენტირებისას.

„ეს არ არის ისეთი რისკჯგუფი, ფეხმძიმისთვის კორონავირუსი ისეთი რისკჯგუფი არ არის, როგორიც არის გრიპის ვირუსი. დიდი განსხვავებაა მათ შორის. ამიტომ იქ მართვა მიმდინარეობს ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა,ინფექციაა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ ყველაფერი მედიცინაში შედარებითია. გრიპის ვირუსი უფრო მეტად დამაზიანებელია ორსული ქალბატონისთვის და ნაყოფისთვის, ვიდრე კორონავირუსი. ამ შემთხვევაში არ არის მძიმე მდგომარეობა, ნამდვილად მინდა გითხრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მარნეულელი 62 წლის ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო, პრაქტიკულად, უკვე დადგენილია – ეს არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.

„პრაქტიკულად, უკვე შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. …ახლა საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება. მოგეხსენებათ, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ორ მუნიციპალიტეტში გამოკვლეულია 80 ადამიანი: „საუბარია უკვე დასრულებულ ანალიზებზე. ეს არის როგორც ახლო კონტაქტები, ისე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევა, რომელიც უნდა იყოს სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით. ჯერჯერობით, მარნეულის რაიონში ვირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს, რადგან ყველა, ვინც დადებითია, ამ ქალბატონის ახლო ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება“.

ამ დროისთვის (19:00, 26.03.2020) საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტია გამოვლენილი. მათ შორის არის ორი წლის ბავშვი, რომელიც თბილისში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, – ამის შესახებ განცხადება კლინიკაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეს შემოიყვანეს ბავშვი ორი წლის, რომელთანაც დადასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს დადასტურებული და ამ ბავშვსაც დაუდასტურდა. ემ ატაპზე არის უსიმპტომო, სტაბილურია მისი მდგომარეობა, დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა“, – აცხადებენ კლინიკაში.

როდის უნდა ველოდოთ ვირუსის გავრცელების პიკს? – პაატა იმნაძის განმარტებით, ზუსტი დროის თქმა შეეძლებათ მხოლოდ მაშინ, როცა ფართო შიდა გავრცელება დაიწყება.

მისი ვარაუდით, უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის პერიოდი იქნება.

„დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას დაახლოებით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც  თავის დროზე  ქვეყანაში ეტაპობრივად ჩატარდა, წესით და რიგით, ახლა შეიძლება ოთხჯერ მეტი ყოფილიყო შემთხვევები ქვეყანაში.

ამიტომ, მესმის, რომ ყველას აინტერესებს, რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close