fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

„მოდით, ყველას ერთად დაგვემართოს ეს ვირუსი“, – რას ჰყვება ბრიტანეთში არსებულ სიტუაციაზე ნინი სორჩე ლონდონიდან

ამართლებს თუ არა ჯონსონის სტრატეგია: „ყველამ ერთად უცბად გამოვიმუშაოთ იმუნიტეტი“

ჩვენი თანამემამულე ნინი სორჩე თავის მეუღლესთან, ჯო სორჩესთან ერთად  დიდ ბრიტანეთში, ლონდონის სიახლოვეს ცხოვრობს. ნინი საიმიგრაციო ადვოკატია და ქართველ ემიგრანტებს, უმეტესად, არალეგალებს ხშირად ეხმარება სამართლებრივად, როდესაც მათ სხვადასხვა სახის სირთულეები ექმნებათ. ამჯერად ნინი დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე გვიყვება. 

ნინი სორჩე:

კორონავირუსი, ისევე როგორც თითქმის მთელმა ევროპამ, ბრიტანეთმაც თავიდან არასერიოზულად მიიღო, არც საზღვრები ჩაუკეტავთ და არც ფრენები აუკრძალავთ (სხვათა შორის, დღემდე ასეა), არც არავინ შეუმოწმებიათ აეროპორტებში.

ხალხის პროტესტს მთავრობამ მაშინ ასე უპასუხა: იტალიამ ჩაკეტა საზღვარი ჩინეთთან, მაგრამ ხომ ხედავთ, არ უშველა და აზრი არ აქვს, მაინც გავრცელდება, ხელს არ შევუშლით, გავრცელდეს, არც არაფერს გავაჩერებთ; უცბად ყველას ერთად დაგვემართოს, უმეტესობა ვერც მიხვდება, ისეთი მარტივია, სამაგიეროდ ყველა იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ უცებ და ცხოვრებასაც მერე ჩვეულებრივად გავაგრძელებთ, მძიმე შემთხვევებისთვის ჩვენი NHS (National Health Service) მზადაა და გაუძლებსო.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ამ განცხადებას ექიმების პროტესტი მოჰყვა – არც მზად ვართ და ვერც გავუძლებთო. კერძო საავადმყოფოებმა განაცხადეს, ჩვენ ფილტვების ვენტილატორები არ გვაქვს და ისედაც NHS-ის ვენტილაციის სისტემებს ვიყენებთ, როცა გვჭირდებაო. შექმნილმა სიტუაციამ აიძულა ჯონსონი ეთქვა, რომ მასობრივ დაინფიცირებას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა. ამის მერე ისევ გაკეთდა განცხადება და მხოლოდ მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მქონეებს ურჩიეს სახლში დარჩენა, სხვა არანაირი ზომისთვის არ მიუმართავთ, არაფერი დაკეტილა.

დაინფიცირებულთა რიცხვი, რომელსაც ბრიტანეთი აჩვენებს (ამ დროისთვის – 9962), არასწორია, რადგან არ ხდება არავის ტესტირება, მხოლოდ იმათ უტარებენ ტესტებს, ვინც კრიტიკულ მდგომარეობაში ხვდება საავადმყოფოებში. გარდაცვლილია 467 ადამიანი, რაც დიდი რიცხვია. შეკითხვა იყო ამის თაობაზე და გულწრფელი პასუხი ასეთია (ალბათ ვეღარ დამალავენ, ისედაც ყველამ ვიცით): იმიტომ, რომ ეს ადამიანები როცა საავადმყოფოში ხვდებიან, უკვე ძალიან გვიანია. არაოფიციალურად ამბობენ, რომ, სულ ცოტა, 50 000 ათასი ადამიანი მაინც არის ინფიცირებული და ასეთ ადამიანებს სახლში ყოფნას ურჩევენ.

ყოველდღე მომდის ტელეფონზე მესიჯი საავადმოფოდან, რომ თუ მაქვს ვირუსის ნიშნები, კატეგორიულად არ უნდა გამოვცხადდე არც პოლიკლინიკაში და არც საავადმყოფოში, უნდა დავრეკო 111-ზე და მირჩევენ, რა ვქნა. თუ 7 დღის მერე გამიუარესდა მდგომარეობა, მერე კიდევ უნდა დავრეკო და ბოლო-ბოლო შეიძლება ტესტი ჩამიტარონ, როდის, არც გეუბნებიან.

ექიმები პანიკაში არიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მოვისმინე, სატელევიზიო გადაცემაში ექიმები ამბობდნენ მთავრობის მისამართით, „თქვენ გინდათ, რომ ჩვენ ყველა დავიხოცოთ: როგორ უნდა მივიღოთ ხალხი, არც ეკიპირება გვაქვს და არც ნიღბები“. მოსახლეობას გვთხოვეს, თუ სამედიცინო ნიღბები გვაქვს სახლში, საავადმყოფოებს შევწიროთ, რადგან, მათი თქმით, ჩვენ ეს ნიღბები მაინც ვერ დაგვიცავს.

პროგნოზები არაკეთილსაიმედოა, ამბობენ, რომ მალე იტალიას გადავუსწრებთ, ჩვენი ჯანდაცვა კი გაცილებით დაბალ დონეზეა, ვიდრე იტალიის. სპეციალისტების პროგნოზით, თუ 20 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, დიდი წარმატება იქნება, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება ნახევარ მილიონამდეც ავიდეს (მარტო ბრიტანეთზეა ლაპარაკი).

ყველა ელოდებოდა ჯონსონის გამოსვლას 23 მარტს, გამოსვლა ადრე იყო დანიშნული, მაგრამ გვიანობამდე გადაიდო, როგორც ჩანს, კონსულტაციები ჰქონდა და დარწმუნდა, რომ „მოდით, ყველას ერთად დაგვემართოს“ სტრატეგია არ გამოდის და გამოაცხადა, key worker-ების გარდა ყველა სახლში იყავითო (key worker-ები არიან ექიმები, ექთნები, პოლიციელები და ისეთი პროფესიის წარმოადგენლები, რომლებმაც აუცილებლად უნდა იმუშაონ). გვაქვს რეკომენდაცია, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ გარეთ მაღაზიაში, აფთიაქში ან სავარჯიშოდ დღეში ერთხელ; ამის გამო არ დაკეტილა პარკები, ადამიანებს აქვთ უფლება ივარჯიშონ ან ისეირნონ, თუმცა ორზე მეტი არ უნდა იყოს ერთად. დაიხურა მეტროს 40 სადგური და შემცირდა მატარებლების რაოდენობა, თუმცა ამან უარესი შედეგი გამოიწვია: საოცრად გადაჭედილია მეტროც და მატარებლებიც.

ხალხი მაინც დადის და მაინც მუშაობენ. პანიკაც არაა, ვფიქრობ იმიტომ, რომ გამოაცხადეს, ეს ვირუსი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებისთვის საშიში არ არის, რაც მთლად სიმართლე არ უნდა იყოს – გუშინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლონდონის საავადმყოფოები სავსეა 30-40 წლის ადამიანებით, რომლებიც აპარატზე არიან შეერთებულები.

ამ ეტაპზე ასეთი მდგომარეობაა: საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული და, სავარაუდოდ, არც იქნება. გვაქვს რეკომენდაცია, რომ დავრჩეთ სახლში, გადატენილი საავადმყოფოები და ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ამბობს, რომ ყველას ვერ დაეხმარება, უფრო სწორად, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს დაეხმარება და ეს დაუცველობის გრძნობაა ყველაზე ცუდი, ყველამ ვიცისთ, რომ თუ ვირუსი დაგვემართა, ჩვენ უნდა გადავიტანოთ სახლში, არც წამალი იქნება და არც ექიმი.

დამირეკა ჩემმა კლიენტმა ლონდონიდან და მითხრა, რომ მისი მეგობარი გოგონა 39 გრადუსი სიცხით წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ იქ არ შეუშვეს: ვირუსის ნიშნები აქვს, წაიყვანეთ სახლში და მიხედეთო. ტესტი, რა თქმა უნდა, არ ჩაუტარებიათ. ასეთი უამრავი შემთხვევაა.

მაგალითად, გუშინ „გარდიანმა“ დაწერა, რომ ლონდონში გარდაიცვალა 36 წლის ქალი, კაილა უილიამსი, 3 შვილის დედა, რომელსაც COVID-19-ის სიმპტომები ჰქონდა. მეუღლემ დარეკა 999-ზე, მაგრამ უთხრეს, რომ იგი პრიორიტეტული პაციენტი არ იყო და სახლში უნდა დარჩენილიყო, მეორე დღეს კი ქალი გარდაიცვალა; ამავე მიზეზით გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 18 წლის სეულელი გოგონა, რომელიც, როგორც არაპრიორიტეტული პაციენტი, საავადმყოფოში არ მოათავსეს.

ქუჩაში, როგორც ვთქვი, თითქოს პანიკა არ შეიმჩნევა, თუმცა ჩვენთანაც, იტალიის მსგავსად, როგორც კი ეს ამბავი დაიწყო, მაღაზიებიდან გაქრა სადეზინფექციო, სარეცხი საშუალებები, ტუალეტის ქაღალდი, მაკარონი, პური და კვერცხი.

რამდენიმე დღე დავდიოდით და მაღაზიებში არაფერი არ იყო, მერე შეზღუდვები დააწესეს: ერთ ადამიანს არ აქვს უფლება იყიდოს ერთ შეკვრაზე მეტი ტუალეტის ქაღალდი და სხვა პროდუქტიც – მხოლოდ 3 ცალი, მიუხედავად ამისა, თუ დილით ადრე არ მიხვედი მაღაზიაში, საღამოს მაინც ცარიელია დახლები.

ქართველები ცუდ დღეში არიან: უმეტესობამ სამსახური დაკარგა, რადგან მშენებლობები გაჩერდა, სასტუმროები დაიხურა (კაცები, ძირითადად, მშენებლობაზე, ქალები სასტუმროებში მუშაობდნენ). მათ, ვინც ლეგალურადა დასაქმებული და უმუშევარი დარჩა, ანაზღაურების პრობლემა არ ექნებათ –  მთავრობა გადაუხის ხელფასის 80 პროცენტს, ბანკებმა 3 თვით ვალის გადახდა გადაავადეს და ბინის ქირასაც ვერ მოითხოვს მეპატრონე 3 თვის განმავლობაში, თუ ქირას ვერ გადაუხდი, მაგრამ  არ ვიცი, არალეგალებზე შეღავათები რა ფორმით გავრცელდება. ჯერჯერობით სახლში არიან და ალბათ მალე გაუჭირდებათ, მიუხედავად ამისა, ვისთანაც მე მაქვს კონტაქტი, საქართველოში წამოსვლას არ აპირებენ, იმდენად ძვირი დაუჯდათ აქ ჩამოსვლა. თითქმის ყველას უზარმაზარი ვალი აქვს საქართველოში, აქედან რომ წავიდნენ, უკან ვეღარ ჩამოვლენ და ვალები დარჩებათ, იმედი აქვთ რომ ეს ამბავი მალე დამთავრდება და მერე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close