თენგიზ ცერცვაძე – ჩემი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება
„შეიძლება ორციფრიან მატებაზე ავიდეთ, სამციფრიანს კი მე პირადად არ ველოდები“
„ჩემი პირადი პროგნოზია, რომ უახლოეს დღეებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება, შესაძლოა ერთ, ორ და სამ კვირაში“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
მან არ გამორიცხა, რომ მატება ყოველდღიურად ორნიშნა ციფრითაც იყოს გამოხატული, ასევე ცერცვაძე ლეტალურ შემთხვევებსაც არ გამორიცხავს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო მაჩვენებლებით როგორც აქამდე, მომავალშიც ძალიან შორს იქნება ევროპული ქვეყნების მონაცემებთან.
„ჯერ ყოველდღიურად მატება მხოლოდ ერთნიშნა იყო. შეიძლება, ორციფრიანზე ავიდეთ, სამციფრიანს კი მე პირადად არ ველოდები. თუმცა შეუძლებელი არაფერია. აშშ-ში, სადაც 7 500 შემთხვევა იყო ერთ დღეში, ეს უკვე ოთხციფრიანი მატებაა. ველოდები, რომ ჩვენთან მატება იქნება დადასტურებული შემთხვევების. ასევე, ასეთ კარგ იზოლაციაში ვერ დავრჩებით, რომ არც ერთი გარდაცვლილი არ გვყავს. სამწუხაროდ, ასე ვერ დავრჩებით. ალბათ, გვეყოლება ერთეული ლეტალური შემთხვევებიც. ეს ჩემი პროგნოზია და ვფიქრობ, ასე იქნება. ასევე ჩემი პროგნოზია ერთი მკაფიო რამ: ჩვენ რაოდენობით საკმაოდ სოლიდურ დისტანციაზე მივყვებოდით დანარჩენ მსოფლიოს და დანარჩენ ევროპას, ჩემი რწმენა და შეიძლება, სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, არ მივაღწევთ ევროპის ქვეყნების დონეს, სადაც კატასტროფული სიტუაციაა. მას ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით. ანუ იქ თუ პიკი იყო ათასები, ჩვენთან პიკი ასეულები იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 70 დადასტურებული შემთხვევაა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე სახლში გაწერეს. ისინი 2 კვირა კიდევ თვითიზოლაციაში იქნებიან. 2 ინფიცირებული ავსტრიის მოქალაქე ავსტრიამ სპეცრეისით საკუთარ ქვეყანაში წაიყვანა. 4 ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის ოჯახის წევრია. ექიმების ინფორმაციით, მარნეულელი ქალის შემთხვევა უკიდურესად მძიმეა თანმხლები პათოლოგიების და, აგრეთვე, სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებული მიმართვის გამო, თუმცა ამ დროისთვის სასიცოცხლო პარამეტრებს ინარჩუნებენ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 2020 წლის 21 აპრილამდე, 23 მარტს კი მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები „წითელ ზონად“ გამოცხადდა და მკაცრი საკარანტინო წესები ამოქმედდა.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები