საქართველოსაზოგადოება

COVID-19-ისგან გარდაცვლილების ცხედრების გადმოსვენებაზე საქართველომ კატეგორიული უარი მიიღო

მადრიდის ხელისუფლებამ შოპინგცენტრის ყინულის მოედანი მორგად გადააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმ პროტოკოლის შესახებ, რომელიც კორონავირუსით დაღუპული ადამიანის სხვა (წარმოშობის) ქვეყანაში  გადასვენებას კრძალავს და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის განმარტებით, პროტოკოლის თანახმად, ორი გზა არსებობს: ერთი არის კრემაცია და მეორე – ცხედრების ესპანეთის ტერიტორიაზე გამოყოფილ შესაბამის ადგილზე დაკრძალვა.

„სიტუაცია ძალიან რთული გახდა, ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა რამდენიმე დღე, თუმცა კატეგორიული უარი მივიღეთ იმიტომ, რომ თუ გამონაკლისს დაუშვებენ ერთი ქვეყნის მიმართ, სხვა ქვეყნების მიმართაც უნდა დაუშვან.

დღევანდელი პროტოკოლით, არსებობს ორი ტიპის გამოსავალი ამ შემთხვევიდან: ერთი არის კრემაცია, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მძიმეა. არსებობს მეორე შესაძლებლობაც – იქ, ადგილზე გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია, სადაც შეიძლება მოხდეს ამ ადამიანების დაკრძალვა. ესპანეთის მთავრობა ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ მიდგომებს და აძლევს შესაძლებლობას, ადამიანი დაიმარხოს იმ წესით, როგორიც უნდა ჭირისუფალს. ესპანეთში დაღუპულების გამოყვანას კატეგორიულად არ გვთანხმდებიან და არ გვაძლევენ ამის უფლებას,“ – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ცნობისათვის: მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მადრიდში დამკრძალავი ბიურო სიტუაციას თავს ვეღარ ართმევს, ხოლო მორგის თანამშრომლებს არ აქვთ შესაბამისი კოსტიუმები, რათა კოვიდ-19-ით გარდაცვლილი წესისამებრ გააპატიოსნონ.

მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეგიონული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრ „ყინულის სასახლის“ ყინულის მოედანი ორშაბათს, 23 მარტს მორგად გადაკეთდა. ყინულის მოედანს, რომელიც 1800 მოციგურავეზეა გათვლილი, დროებით კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებისთვის გამოიყენებენ. ამის შესახებ AFP იუწყება მადრიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, ყინულის მორგი უახლოეს საათებში დაიწყებს ფუნქციონირებას და თავდაცვის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, გარდაცვლილთა იქ გადაყვანაში დედაქალაქის მერიას არმია დაეხმარება.

„ეს დროებითი და საგანგებო ზომაა იმ ადამიანებსი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს კორონავირუსისგან , აგრეთვე, მადრიდის საავადმყოფოებში რთული სიტუაციის განსამუხტავად“, – აცხადებენ მერიაში.

სავაჭრო ცენტრი Palacio de Hielo (ყინულის სასახლე) მადრიდის ჩრდილოეთ რაიონში – ორტალეზაში (Hortaleza) მდებარეობს კონგრესცენტრ Ifema-სთან ახლოს. კონგრესცენტრი, თავის მხრივ, საველე ჰოსპიტალად გადაკეთდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის, 5500 საწოლით.

მანამდე კი, 23 მარტს მადრიდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მადრიდის 14 სასაფლაო აღარ მიიღებს კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ცხედრებს, რადგან იქ მომსახურე პერსონალს სათანადო დამცავი საშუალებები არ გააჩნია.

რაც შეეხება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს: კორონავირუსისგან გარდაცვლილებს უნდა ჩაუტარდეთ კრემაცია, ან დაიკრძალონ ამ მიზნით ქვეყნის ხელისუფლებების მიერ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე მინიმუმ 5 წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკრძალვის შემთხვევაში ცხედარს სამშობლოში 5 წელზე ადრე ვერ გადაასვენებენ.

მანანა ბანძელაძე

p. s. კორონავირუსისგან უცხოეთში საქართველოს 3 მოქალაქეა გარდაცვლილი, სამივე ესპანეთში. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 35 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი (მათგან თითქის ნახევარი – მადრიდის რეგიონში), გარდაცვლილია 2311 ადამიანი (გასულ ერთ დღე-ღამეში – 462), გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 3355-ს მიაღწია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close