იტალიელი მსახიობი ლუჩია ბოზე COVID-19-ისგან გარდაიცვალა
კორონავირუსით გამოწვეული დაავადების – COVID-19-ისგან დღეს, 23 მარტს ესპანეთის ქალაქ სეგოვიაში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მსახიობი ლუჩია ბოზე. იგი 89 წლის იყო. მსახიობს კორონავირუსით ინფიცირების გამო პნევმონია განუვითარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური elpais-ი ავრცელებს.
მსახიობის გარდაცვალება მისმა უფროსმა ვაჟმა, მომღერალმა მიგელ ბოზემაც დაადასტურა ინსტაგრამზე.
View this post on Instagram
ლუჩია ბოზე (დაბადებით – ლუჩია ბორლონი) ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1947 წელს მის იტალიის კონკურსში გაიმარჯვა.
მსახიობის დებიუტი კინოში1950 წელს გაიმართა იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, რეჟისორ ჯუზეპე დე სანტისის ფილმში „არ არის სიმშვიდე ზეთისხილის ხეების ქვეშ“; იმავე წელს იგი გადაიღო მიქელანჯელო ანტონიონიმ ფილმში „ერთი სიყვარულის ქრონიკა“, 3 წლის შემდეგ კი – „ქალი კამელიების გარეშე“…
ლუჩია ბოზე მონაწილეობდა ლუის ბუნუელის, ჟან კოკტოს, ფედერიკო ფელინის და სხვათა ფილმებში. მისი კარიერა 1950-1990 წლებში ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.
როგორც „ელპაისი“ წერს, კორონავირუსით ინფიცირებამდე მსახიობი დიდ სასიცოცხლო ძალას ფლობდა და საზოგადოებრივ პროექტებშიც მონაწილეობდა. იგი ხშირად სტუმრობდა თავის უფროს ვაჟს – მიგელს მექსიკაში, რომელიც ახლა მექსიკიდან გლოვობს დედის გარდაცვალებას.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 2200-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3355.
სამწუხაროდ, ესპანეთში კორონავირუსისგან საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა.
ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები