fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

7 დეპორტირებულ ქართველს რუსეთმა კომპენსაცია გადაუხადა

რუსეთმა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ საქართველოს 7 მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადა, ერთი კი მოლოდინის რეჟიმშია. ამ 8 მოქალაქეს, რომელთა ინტერესებსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს საერთაშორისო ინსტანციაში, საჩივარი ინდივიდუალურად ჰქონდა წარდგენილი. ინფორმაციას საია ავრცელებს.

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა. რუსეთს კომპენსაციის გადასახდელად ვადა 2019 წლის 26 სექტემბრამდე ჰქონდა, თუმცა რუსეთმა ვადა დაარღვია.

საიაში აცხადებენ, რომ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ფედერაციას წარუდგინეს მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები და სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის 19 ნოემბერს მათ წერილობით აცნობეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანებმა რუსეთის შესაბამის ორგანოებს თავიანთი მონაცემები მიაწოდეს.

ინდივიდუალური საქმეების გარდა, რუსეთს კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. სამწუხაროდ, სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებში დაკისრებული თანხა რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდია.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, დეპორტირებულების საქმის აღსრულების მიმდინარეობა 2020 წლის 3-5 მარტის სხდომაზე შეაფასა და რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა დაკისრებული კომპენსაციის გადაუხდელობის გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close