fbpx
საზოგადოებასაქართველო

18 მარტიდან საქართველოს საზღვრები იკეტება – ვის არ შეეხება შეზღუდვები?

COVID-19-ის მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 18 მარტს, 00:00 საათიდან უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტება საქართველოს საზღვრები.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა ორი კვირით ეკრძალებათ. ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან, 16 მარტიდან მოქმედებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.

„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები“, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი დეტალები განმარტა.

მისი თქმით, გამონაკლისები შეეხებათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებს. გარდა ამისა, შერეულ ოჯახებს, როცა ცოლი ან ქმარი არის საქართველოს მოქალაქე, და ჰუმანიტარული მისიით ქვეყანაში შემომსვლელ პირებს. ქვეყანა შემოშვებაზე უარს არ ეტყვის ლტოლვილის ან ნეიტრალური სტატუსის მქონე პირებს.

„ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად“, – თქვა ზალკალიანმა.

16 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით COVID-19 დაავადების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close