იტალიასაზოგადოება

იტალია: გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, ვრცელდება მედიკოსების მიმართვა (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების კომისარმა ანჯელო ბორელიმ სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ახალი სტატისტიკა გამოაცხადა:

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირდა 3233 ადამიანი, გარდაიცვალა 349 პაციენტი (კვირას ეს მაჩვენებელი იყო 368), ჯამში კი გარდაცვლილთა რიცხვმა 2158-ს მიაღწია.

მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევები 27 980-ია (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით). სულ გამოჯანმრთელდა 2749 ადამიანი (გასულ დღე-ღამეში – 414).

ამ დროისათვის 23 073 პაციენტიდან COVID-19-ის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულია 11 025 (1851 – რეანიმაციაში, 179-ით მეტი, ვიდრე გუშინ), ხოლო 10 197 სახლის პირობებში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

სიტუაცია ლომბარდიაში

ლომბარდიაში ურთულესი სიტუაციაა: დარეგისტრირებულია 14 649 შემთხვევა, 1420 ლეტალური (202 – გასულ ერთ დღე-ღამეში) – ამის შესახებ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში რეგიონულმა მრჩეველმა ჯულიო გალერამ განაცხადა. ახალი ინფიცირების შემთხვევები 1377-ია (ნაკლები, ვიდრე გუშინ, თუმცა სხვა დღეების მონაცემების შესაბამისი), ხოლო სტაციონარული ავადმყოფების რაოდენობა ძალიან დიდია – 1273-ით მეტი, ვიდრე გუშინ, რეანიმაციაშია 823 ადამიანი, 66-ით მეტი, ვიდრე გუშინ).

„იწურება მაღალი დაცვის ნიღბების მარაგი, რომლებიც რეანიმაციაში გამოიყენება და, ზოგადად, ლომბარდიაში მარაგები ორიოდე დღისთვისღაა საკმარისი“, – ამის თაობაზე საავადმყოფოს რეანიმაციის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის (Aaroi-Emac) პრეზიდენტმა ალესანდრო ვერგალომ განაცხადა და რესპუბლიკის პრეზიდენტს წერილი მისწერა. „არსებობს რისკი, – წერს იგი, – რომ პარალიზება მოხდეს ან შემცირდეს ვალდებულებების შესრულების ეფექტიანობა რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად“.

ნახეთ მედიცინის მუშაკების ვიდეოჩანაწერი, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, რისკის ქვეშ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემქნილ ურთულეს სიტუაციაში.

მიმართვაში მედიკოსები ამბობენ, რომ არ არის საკმარისი საწოლები, დამცავი საშუალებები, რომ ხშირად უწევთ უკვე გამოყენებულის ხელახლა გამოყენება და მუდმივი შიშის ქვეშ არიან, რომ თავიანთ ოჯახებს ვირუსი არ მიუტანონ. მათი თქმით, სჭირდებათ საავადმყოფოები, კვალიფიციური პერსონალი დღესვე და არა ხვალ და თუ ეს სიტუაცია სწრაფად არ გამოსწორდა, შეიძლება მთელი სისტემა დაინგრეს, ყველაფერი კრახით დასრულდეს.

დაბოლოს ისინი ამბობენ: „ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოქალაქეები. დარჩით სახლში! ყოველი გამოსვლა კარს უხსნის ვირუსს. ჩვენ აღარ შეგვიძლია თავს ამის უფლება მივცეთ. დრო აღარ არის!“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close