იტალიაპოლიტიკა

იტალიის პარლამენტში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ინფიცირებული დეპუტატი ბერლუსკონის პარტიის წევრია

იტალიის პარლამენტის დეპუტატის, კლაუდიო პედრაცინის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ დღეს იტალიური მედია იტყობინება.

დეპუტატი და მისი ახლობლები კარანტინში იმყოფებიან. პარლამენტში პედრაცინის ახლოს მსხდომი დეპუტატები ინფორმირებულები არიან, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ.

45 წლის კლაუდიო პედრაცინი სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალიას“ წევრია, იგი ქალაქ ლოდიდანაა (ლომბარდია). „მე კარგად ვარ, მხოლოდ ცოტა ცხელება მაქვს“, – ამბობს დეპუტატი.

10 მარტის საღამოს მონაცემებით, კორონავირუსის გამო იტალიაში 631 ადამიანი გარდაიცვალა (168 – ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში), დაავადებულთა საერთო რიცხვმა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა გამოკლებით, 8514-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1004 ადამიანი (წინა დღის მაჩვენებელი იყო 724).

იტალიის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ უპრეცედენტო ზომები მიიღო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, კუნძულების ჩათვლით. 3 აპრილამდე გაუქმდა ყველა სახის მასობრივი ღონისძიებები, მიტინგების ჩათვლით, რელიგიური მსახურებები მრევლის მონაწილეობით და საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები, დაიკეტა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, შეიზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება. პროგნოზის თანახმად, ეკონომიკა მრავალმილიარდიან ზარალს განიცდის, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ტურისტები აღარ ჩადიან, აგრეთვე, ექსპორტის მოცულობის შემცირების გამო.

დღეს პრემიერ-მინისტრმა კონტემ განაცხადა, რომ პარლამენტის თანხმობით, ბიუჯეტიდან ექსტრაორდინარული თანხა – 25 მილიარდი ევრო გამოიყოფა (ეტაპობრივად) ვირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად. იტალია ევროკავშირს ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდის უფლებას სთხოვს და, სიტუაციის მთელი სიმწვავიდან გამომდინარე, ალბათ, მიიღებს კიდეც თანხმობას.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close