იტალიაპოლიტიკა

კონტე: „ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ჩვევები იტალიის სასიკეთოდ“ (ვიდეო)

„იტალია - დაცული ზონა“ - მთავრობა 10 მარტიდან ზომებს ამკაცრებს

კორონავირუსის გამო იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

იტალიური გამოცემა „ანსას“ ინფორმაციით, კონტემ ახალ დეკრეტს ხელი მოაწერა და ის 10 მარტს დილიდან შევა ძალაში.

„ციფრები გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური თერაპიის ქვეშ მყოფ ადამიანთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა (733 – 440 ლომბარდიაში – რედ.) და, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის ზრდაც (93 ერთ დღე-ღამეში, მთლიანობაში – 463 – რედ.). ჩვენი ჩვევები უნდა შეიცვალოს ახლა: ყველამ უარი უნდა ვთქვათ რაღაცაზე იტალიის სასიკეთოდ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ დაუყოვნებლივ და ვერ მივაღწევთ მიზანს, თუ ერთობლივად არ ვიმუშავეთ და უფრო მკაცრი შეზღუდვის ნორმებთან ადაპტირება არ მოვახდინეთ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პალაცო კიჯიში გამართულ პრესკონფერენციაზე. – მე ახლა ხელს მოვაწერ ზომას, რომელიც შეგვიძლია მოკლედ გამოვთქვათ, როგორც „მე ვრჩები სახლში“… იტალია იქნება, როგორც დაცული ზონა... მთავრობის ახალ ზომას რეგიონები მიესალმებიან“, – დასძინა მან.

კონტეს თქმით, რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას ახალი მკაცრი ზომების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

ახალი დეკრეტის თანახმად,  არავითარი სპორტული ღონისძიება, 3 აპრილამდე შეწყდება ყოველგვარი საგანმანათლებლო საქმიანობა მთელ ქვეყანაში, ნახევარკუნძულზეც და კუნძულებზეც, დაიკეტა ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი. შეიზღუდება გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

იტალიის ახალი სტატისტიკა კორონავირუსთან დაკავშირებით ნამდვილად არ არის დამაიმედებელი – 463 გარდაცვლილი (93-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს), 724 გამოჯანმრთელებული და 7985 ინფიცირებული – 1598-ით მეტი, ვიდრე გუშინ (მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვალებულთა ჩათვლით,  ინფიცირების 9172 შემთხვევაა დაფიქსირებული) – ეს მონაცემები წარადგინა 9 მარტს საღამოს პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ.

ამასთან, სპეციალისტთა აზრით, ეპიდემიის პიკი იტალიაში, რომლის შემდეგაც კლება დაიწყება, ჯერ კიდევ შორსაა.

იტალიამ ამ მაჩვენებლებით სამხრეთ კორეასაც გაუსწორო და მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ  (სადაც ინფექციის პიკმა, როგორც ჩანს გადაიარა – ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მცირდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი; გასულ დღე-ღამეში ინფიცირების – 19, ხოლო გარდაცვალების 23 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყებიდან).

ჯუზეპე კონტეს პრესკონფერენცია პალაცო კიჯიში:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close