fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის ხელისუფლება მთელ ლომბარდიის რეგიონს და კიდევ 11 პროვინციას კეტავს

ახალი ზომები 8 მარტიდან 3 აპრილამდე იქნება ძალაში

იტალიის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდის ფონზე ახალი ზომების პაკეტი მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იტალიის მთავრობამ ლომბარდიის რეგიონისა და 11 პროვინციის ჩაკეტვის შესახებ გამოაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ეს შეზღუდვები 3 აპრილამდე იმოქმედებს. ამ ზომების ფარგლებში, აკრძალული იქნება ლომბარდიის რეგიონში, ასევე ვენეტოს, ემილია რომანიასა და პიემონტის პროვინციებში – მოდენაში, პარმაში, პიაჩენცაში, რეჯოი ემილიაში, რიმინიში, პეზაროში, ურბინოში, ვენეციაში, პადუაში, ტრევიზოში, ასტისა და ალესანდრიაში –  შესვლა და გამოსვლა. გამონაკლისი დაშვებული იქნება გადაუდებელ შემთხვევებში, სპეციალური ნებართვით, თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა ან გამოსვლა გადაუდებელ საჭიროებებს უკავშირდება.

3 აპრილამდე ლომბარდიის რეგიონსა და ზემოჩამოთვლილ პროვინციებში ყველა სკოლა თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მუზეუმი, კულტურისა და სპორტული ცენტრი დაკეტილი იქნება.

მთელ იტალიაში დაიხურა პაბები და დისკოთეკები, სათამაშო კლუბები, საცეკვაო სკოლები და ანალოგიური დაწესებულებები. ბარებსა და რესტორნებს იმ შემთხვევაში აქვთ მუშაობის ნებართვა, თუ ადამიანებს შორის ერთი მეტრი დისტანციის უზრუნველყოფა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 5883 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 233-ს მიაღწია და ლეტალობის მაჩვენებლით იტალია მეორე ადგილზეა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ (3070).

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close