იტალიასაზოგადოება

იტალია, ახალი სტატისტიკა: 4636 ინფიცირებული, 197 გარდაცვლილი, 523 გამოჯანმრთელებული

„ევროპის სხვა ქვეყნები უყურებენ იტალიას და ანალოგიური სიტუაციისთვის ემზადებიან“

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 620 პაციენტი გამოვლინდა და ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობა 3916-ს შეადგენს. ერთ დღე-ღამეში 49 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა მთლიანობაში 197-ს მიღწია. 523 ადამიანი გამოჯანმრთელდა (გასულ დღე-ღამეში – 109) – ასეთი მონაცემები გააცნო მედიას პრესკონფერენციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების კომისარმა ანჯელო ბორელიმ. ამის შესახებ ANSA წერს.

მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი დაავადებული კვლავ ლომბარდიაშია – 2008 პაციენტი, მას მოსდევს ემილია-რომანია – 816, ვენეტო – 454… ინფიცირების შემთხვევები იტალიის ყველა რეგიონშია გამოვლენილი. გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით მთლიანობაში ამ დროისთვის 4636 ადამიანი დაინფიცირდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ საპილოტე ქვეყანა… როგორც მონაცემებიდან ხედავთ, მათ შორის, ევროპაში, სხვა ქვეყნები ეპიდემიოლოგიური მრუდის უფრო ადრეულ ფაზაში იმყოფებიან, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ეს არის სცენარი, რომლისთვისაც უნდა მოვემზადოთ, როგორც ევროპული სცენარისთვის“, – ასეთი განმარტება გააკეთა პრესკონფერენციის შემდეგ „ანსასთან“ ინტერვიუში იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) პრეზიდენტმა სილვიო ბრუსაფერომ.

„სიტუაცია გეოგრაფიულად იცვლება და პროპორციული ზომები უნდა იქნას მიღებული კონტრეტული სიტუაციების შესაბამისად. ამ დროისთვის იტალია არის ქვეყანა, რომელიც ეპიდემიამ ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე მეტად დააზიანა და კონკრეტულ ზომებს მიმართავს. ეს ზომები უნდა ვნახოთ და გავაანალიზოთ იმ სიტუაციების ფონზე, რომელთა დროსაც იყენებენ, მოცემულ მომენტში ეს ზომები სერიოზულია იტალიის ზოგიერთ რაიონში, – ასე აფასებს სიტუაციას ანტიკრიზისული მართვის ევროკომისარი იანეზ ლენარჩიჩი, – სხვა ქვეყნებმა უნდა შეხედონ იტალიის გამოცდილებას და მოემზადონ, რადგან მალე ევროპაში შეიძლება ანალოგიური სიტუაციები შეიქმნას“.

„ანალოგიური სიტუაციების“ მოლოდინი კი ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული ვირუსის გავრცელების ტემპიდან გამომდინარე გერმანიაში (670 შემთხვევა), საფრანგეთში (577 შემთხვევა, 7 გარდაცვლილი), ესპანეთში (386 შემთხვევა, 5 გარდაცვლილი), შვეიცარიაში (214 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი), ბრიტანეთში (163 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი), ნიდერლანდებში (128 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი), ბელგიაში (109 შემთხვევა), ნორვეგიაში (108 შემთხვევა), შვედეთში (101 შემთხვევა), ავსტრიაში (55 შემთხვევა), საბერძნეთში (45 შემთხვევა)…

ევროპის ქვეყნებიდან ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ალბანეთსა და ბულგარეთში.

მსოფლიო მასშტაბით კი ამ დროისთვის ინფიცირების 101 601 შემთხვევაა დადასტურებული (აქედან 80 573 – ჩინეთში), გარდაიცვალა 3460 (3042 ჩინეთში) ადამიანი, გამოჯანმრთელდა 55 863 (53 888 ჩინეთში) პაციენტი.

ჩინეთში გასულ დღე-ღამეში 30 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, – 19-ით ნაკლები, ვიდრე იტალიაში, რომელიც ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close