fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსმა 148 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა რომში

COVID-19-მა იტალიის ბოლო რეგიონამდე ჩააღწია

ხუთშაბათს, 5 მარტს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა პატარა ჩრდილოიტალიურ რეგიონში ვალე დ’აოსტაში. ამ დროისათვის ვირუსის მატარებლები ქვეყნის ყველა რეგიონშია დაფიქსირებული, გამონაკლისის გარეშე. 

5 მარტს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების კომისარმა ანჯელო ბორელიმ ახალი სტატისტიკა გამოაცხადა: გასული ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა 41 ადამიანი იმსხვერპლა (ყველაზე მეტი სხვა დღეებთან შედარებით) და ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ  მთლიანობაში148-ს მიაღწია. 414 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 3296-ს შეადგენს (თუ მას გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას მივუმატებთ, გამოდის, რომ იტალიაში მთლიანობაში 3858 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით).

სამოქალაქო დაცვის უწყების მონაცემებით, 1777 პაციენტი ლომბარდიაშია, 658 – ემილია-რომანიაში, 380 – ვენეტოში, 106 – პიემონტში, 120 – მარკეში, 45 – კამპანიაში, 21 – ლიგურიაში, 60 – ტოსკანაში, 41 – ლაციოში, 21 – ფრიული ვნეცია-ჯულიაში, 16 – სიცილიაზე, 12 – აპულიაში, 8 – აბრუცოში, 7 – ტრენტინოში, 7 – მოლიზეში, 9 – უმბრიაში, 1 – ბოლცანოს პროვინციაში, 2 – კალაბრიაში, 2 – სარდინიაში, ერთი – ბაზილიკატაში და 2 – ვალე დ’აოსტაში.

შესაბამისად, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ლომბარდიაშია – 98, 30 – ემილია-რომანიაში, 11 – ვენეტოში, 4 – მარკეში, 3 – ლიგურიაში და ერთი – აპულიაში.

დღეს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა რომში – კორონავირუსმა გულის უკმარისობის მქონე პაციენტი ქალი იმსხვერპლა რომის სან ჯოვანის საავადმყოფოში.

იტალიის ხელისუფლებამ შექმნილი ვითარების გამო ყველა სკოლის და უმაღლესი სასწავლებლის მუშაობა შეაჩერა, სულ ცოტა, 15 მარტამდე, აკრძალა მიტინგების ჩატარება და მოქალაქეებს „სოციალური აქტივობის“ შემცირებისკენ მოუწდა. პროგნოზით, იტალიის ეკონომიკა რამდენიმემილიარდიან ზარალს განიცდის დაავადების გავრცელების გამო – ყველაზე უწინ პრობლემები ელოდება ტურიზმის სფეროს, აგრეთვე, იტალიის საქონლის ექსპორტს.

იტალიის ხელისუფლება ადრე გამოცხადებული 3,6 მილიარდის ნაცვლად 7,5 მილიარდ ევროს გამოყოფს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შედეგების მინიმიზაციისთვის, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა  ჯუზეპე კონტემ 5 მარტს განაცხადა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close