ისტორიასაქართველო

შავი ჭირი, ქოლერა, სახადი, „ისპანკა“… – რას გადაურჩა საქართველო?

საქართველომ უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში არაერთი ეპიდემია გადაიტანა. მომაკვდინებელ სენთან ბრძოლის ქრონიკები შემორჩენილია როგორც ცალკეულ ადამიანთა მოგონებებში, ისე სახელმწიფო უწყებების დოკუმენტებსა და საგაზეთო პუბლიკაციებში

1811 წელი მძიმე იყო ქართლ-კახეთისათვის რამდენიმე მიზეზის გამო. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც 14 საუკუნეს ითვლიდა.

1811 წელსვე მთავარმართებლად დაინიშნა მარკიზი პაულიჩი – „კაცი ელამი რაგვარათაც თვალითა, ეგრეთვე სულითაცა და მოქმედებითა. მაშინ იყო შემჭირვებაი დიდი ქართველთა ზედან მარკიზისაგან“, რომლის მოქმედებას მოჰყვა კიდეც 1812 წლის დიდი ამბოხება კახეთსა და ქართლში (ტფილისსაც კი მიუახლოვდა). არ დარჩა კახეთში სოფელი, რომელსაც ეგზეკუცია – რუსული მმართველობის უმთავრესი იარაღი – არ შეხებია. „სადაც განვლიდიან რუსნი, ამჭირვებდიან სოფლებთა ცემითა, ტაცებითა და რთმევითა, თვინიერ თეთრისა… გარნა სხვათაცა ბოროტმოქმედებათა შორის ესეცა ჰქნეს, რომელ თიანეთს მთვრალთა აფიცერთა შეიპყრეს დედა-კაცი და საშოსა შინა შთაასხეს ძაბრითა ღვინო. ვერღარა მოითმინეს თიანეთელთა ესე ვითარი სირცხვილი, და იქმნა შფოთი ქართველთა და რუსთა შორის“… – 1811 წლით დათარიღებულ ყველა ამ უბედურებას დაერთო შავი ჭირის გავრცელება, რასაც ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ორბელიანი აღწერს თავის მოგონებებში:

„…იძახდნენ, აქ გაჩნდა, იქ გაჩნდა; აქ მოკვდა, იქ მოკვდა; ეს აიყარა, ის წავიდა; ეს დაიხიზნა, ის გაეშურა. სულ ეს ხმები იყო ზევით-ქვევით ქართლ-კახეთში და ეს ხმები ამ ქალაქ ტფილისში მოდიოდა. სადაც აქაც იყო გაჩენილი ჭირი. ტფილისის ხალხი ბევრნი იყრებოდნენ, მიდიოდნენ იქცა, სადაც სოფლებში ჯერ კიდევ არ გაჩენილიყო: ეგება იქ არ გაჩნდეს და სიცოცხლე იქ გადავირჩინოთო“.

ხალხი იძულებული გამხდარა ტყეებში დაფანტულიყო…“

ალექსანდრე ორბელიანის ოჯახიც აიყარა „სულერთიან სახლეულობითა“ და გაეშურნენ სოფელ მარტყოფისკენ, ტფილისის სახლში კი ორი მოსამსახურე დატოვეს დარიგებით: ალაყაფის კარი დაკეტილი გქონდესთ, არავინ არ შემოუშოთ თქვენთან და არც თქვენ გახვიდეთ სადმე, სულ შინ იყავით. ფქვილი ბევრი გაქვთ, ფიჩხი ბევრი და როდესაც დაგჭირდეთ, პური გამოაცხვეთ. ერბო, ხახვი და ყველი ბევრი გექნებათ, ხან ყველ-პურზე გადაიარეთ და ხან ხარშო გააკეთეთ. დასალევი წყალიც შუაღამის დროს მოიტანეთ, იმ დროს ფეხი მოწყვეტილი არის, არავინ არ შეგხვდებათ და თუ შეგხვდესთ ვინმე, ხმას ნუ გასცემთ, ასე მოერიდენით ყველას“.

ალექსანდრე ორბელიანი

როგორც ალექსანდრე ორბელიანი ამბობს, ტფილისიდან გახიზნულმა ხალხმა აავსო მარტყოფიო. მალე იქაც გაჩენილა ჭირი და ეს ხალხი იძულებული გამხდარა ტყეებში დაფანტულიყო და სხვა ადგილები ეძებნა. ორბელიანებს პატარძეულისკენ გაუწევიათ. ივრის მდინარეს გაღმა, ჭალის ველზედ, თეთრ კარვებსა და ფანჩატურებს შენიშნავენ. ალექსანდრეს მამიდის, ეკატერინეს ოჯახი აღმოჩნდება. გაიხარებენ ნათესავები ერთმანეთის ნახვით, მაგრამ საუბრის დროს შეიტყობენ, რომ ეკატერინეს ორი მოსამსახურე მოჰკვდომია ჭირით და იქვე მოშორებით დაემარხათ…

პატარძეულში კი ჩავლენ „ჭირისაგან მორიდებული“ ორბელიანები, მაგრამ როგორც თვითონ ალექსანდრე წერს, სად იყო და სად არა, ავად გავხდიო:

„…შემატყეს რომ იმ სნეულებისა იყო, ძლიერი სიცხე მომცა. იმ ღამეს რიგიანი გონება აღარ მქონდა, იმის მეტი აღარ მახსომსრა, რომ ერთი ჩონგურიანი კაცი შემოვიდა, უკან რამდენიმე მორთული ქალები შემოჰყვნენ, მოვიდნენ და მდაბდლა თავი დამიკრეს, მე ამაზედ მაღლა გამეცინა, ჩემი გამდელი მოიჭრა, მკითხა: რას იცინიო? – მე იმათი ამბავი უთხარ, აგერ ახლაც იქა სხედან-მეთქი. მაშინვე წყალი მოარბენინა, რომ დავლიე ვეღარავინ ვერ ვნახე, მაგრამ იმ ღამეს სრულიად გონება მიმეხადა და გარინდებული ვიყავ თურმე… შორიახლოს დამაწვინეს ერთ დარბაზში, ჩემი გამდელი მომიჩინეს ერთი მოსამსახურით და სხვა არვინ მომაკარეს… დილას და საღამოს მოგვიტანდნენ სასმელ-საჭმელს და სანთელს მოსამსახურენი, იქვე კარეფში ჩასდგამდნენ…“

ალექსანდრე ორბელიანი წერს, რომ რამდენიმე დღეში ნიკაპზე გაჩენილი „ვეება მუწუკი“ გამოერწყო, რის შემდეგაც ჭრილობაზე „ბანბებს ადებდნენ“, დარბაზის წმინდად შესანახად ღვიას ცეცხლის ნაკვერჩხალზედ აკმევდნენ, ძმარს კი – აგურზე, აიაზმასაც დღეში სამჯერ ასხურებდნენ იქა-აქაო:

„ორმოც დღეს უკან ყველანი ჩემთან შემოვიდნენ, მოლოცვით და სიხარულით, ჭირს გადურჩი… ხანი აღარ გამოვიდა, ავიყარენით, ჯერ ყარაბულახში გადავედით და იქიდგან ტფილისში ჩამოვედით, სადაც ყოვლის მხრიდან მცხოვრენიც მოიკრიფნენ და ქალაქი ისევ ქალაქად იქცა, როგორც ადრე იყო ხოლმე. ჩვენი მოსამსახურენიც მშვიდობით კარგად დაგვიხვდნენ“.

სტეფანე მიზანდარის სამოქალაქო გმირობა

ცხადია, ტფილისელები მხოლოდ თავიანთი ძალებით არ ებრძოდნენ (და გაურბოდნენ) შავ ჭირს. მიზანდარების ცნობილი მუსიკალური დინასტიის წარმომადგენლის, ლევან მიზანდარის თქმით, 1812 წლის აპრილში, თბილისში შავი ჭირის მძვინვარების დროს, მისი დიდი პაპა, სტეფანე მიზანდარი დაინიშნა კვარტალურ ზედამხედველად და დაეკისრა კარანტინის დარგში კომისრის ვალდებულება.

ტიტულარული მრჩეველი სტეფანე მიზანდარი (1781-1859)

„მოქალაქეების მიერ დასტურდება, რომ ის უშიშრად შედიოდა შავი ჭირით დაავადებულთა სახლებში, განსაკუთრებული მზრუნველობითა და სწრაფი მოქმედებით დაუყოვნებლივ აცალკევებდა დასნეულებულ და ჯანმრთელ მოქალაქეებს და გადაჰყავდა ლაზარეთებში. ასევე გაჰყავდა ქალაქის შემოგარენში, ყველანაირი შესაძლებლობითა და წარმატებით მოიძიებდა სახსრებს რათა დაეხსნა ისინი სიკვდილის საფრთხისგან“, – ამბობს ლევან მიზანდარი.

1813 წლის 31 დეკემბერს სტეფანე მიზანდარი გადაიყვანეს კვარტალურ ზედამხედველად გარეთუბნის მე-5 განყოფილებაში, სადაც მისი დიდი ძალისხმევით და სიფრთხილით, მალე შეჩერდა ეპიდემიის გავრცელება.

ამონაწერი ტიტულარული მრჩევლის, აზნაურ სტეფანე მიზანდარის სამსახურებრივი ატესტატიდან (1846 წ. 15 იანვარი).

1814 წლის 30 ნოემბერს თბილისის უმაღლესი კომენდანტის, პოლკოვნიკ ლევინცოვის მიერ მინიჭებული ატესტატი ადასტურებს მიზანდარის განსაკუთრებულ მოხერხებულობასა და ღვაწლს დაავადებასთან ბრძოლაში.

ქოლერა vs ერის გაჯანსაღებისთვის მზრუნველი კომიტეტი

გააგრძელე კითხვა radiotavisupleba.ge-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close