მსოფლიომედიცინა

საქართველოში ასობით ექთნის მოძიება, გადამზადება და ავსტრიაში დასაქმება იგეგმება

„წრიული მიგრაციის“ პირობებში, ავსტრიაში მესამე ქვეყნების წარმომადგენელ სპეციალისტებს ორი-სამი წლის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა, რის შემდეგაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან

კადრების მოძიებაზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია „ტრენკვალდერის“ ავსტრიის ფილიალი საქართველოში ასობით ექთნის მოძიებას, გადამზადებასა და ავსტრიაში დასაქმებას გეგმავს.

პროექტის შესახებ ავსტრიულ გამოცემა „კურიერთან“ „ტრენკვალდერის“ ავსტრიის განყოფილების ხელმძღვანელმა არნო ვოლფარტერმა ისაუბრა.

მისი თქმით, ექთნების გადამზადება როგორც საქართველოში, ისე ავსტრიაში მოხდება. კადრების მომზადება ენის სწავლებასაც ითვალისწინებს, თუმცა ჯერ იურიდიული და ბიუროკრატიული ბარიერებია გადასალახი.

„საქართველო დიდ რესურსს ხარჯავს ექთნების მომზადებაზე და ღიაა თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, ავსტრიისთვის ეს კარგი პოტენციალი იქნება და ჩვენ შევძლებდით კვალიფიციური კადრების მოზიდვას“, – განაცხადა ვოლფარტერმა, რომელიც, „კურიერის“ ინფორმაციით, საქართველოდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

კვალიფიციური კადრების ლეგალური იმიგრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად ავსტრიული განყოფილების ხელმძღვანელი ავსტრიაში არსებულ სამართლებრივ ვითარებას ასახელებს. ვოლფარტერი საჭიროდ მიიჩნევს მესამე ქვეყნების კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობების აღიარების პროცედურის გამარტივებას.

„ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მოქნილები ნოსტრიფიკაციის პროცედურაში“, – აღნიშნა მან.

არნო ვალფარგერმა გერმანიაში დღეს ამოქმედებული კანონის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან კვალიფიციური მუშახელის ლეგალურ იმიგრაციას ეხება. მისი თქმით, აღნიშნული კანონის ფარგლებში შესაძლებელია გერმანიასა და ავსტრიას შორის თანამშრომლობა.

გამოცემა „კურიერთან“ არნო ვოლფარტერი აღნიშნავს, რომ „წრიული მიგრაციის“ პირობებში, ავსტრიაში მესამე ქვეყნების წარმომადგენელ სპეციალისტებს ორი-სამი წლის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა, რის შემდეგაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან დიდი პრაქტიკული გამოცდილებით. მისი თქმით, ეს ორი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

გამოცემა კურიერი აღნიშნავს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია და დაახლოებით 30%-ს შეადგენს. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებათ, რამაც ემიგრაციის ახალი ტალღა გამოიწვია. ავსტრიული გამოცემა წერს, რომ გერმანიასა და ავსტრიაში საქართველოს თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით პირველ ათეულში შედის. 2018 წელს ავსტრიაში თავშესაფარი საქართველოს 450-მა მოქალაქემ მოითხოვა, ჯამში ევროკავშირში კი – 20 ათასმა. როგორც „კურიერი“ წერს, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მინიჭებაზე უარს იღებენ, რადგან საქართველო ევროკავშირში კლასიფიცირებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close