იტალიაში კორონავირუსის გამო მეშვიდე პაციენტი დაიღუპა – 62 წლის მამაკაცი
იტალიაში გუშინ საღამოს კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით მეშვიდე ადამიანი დაიღუპა – შემთხვევა ქალაქ კომოში მოხდა (ლომბარდიის რეგიონი). კასტილიონე დ’ადას მკვიდრ 62 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა – იგი დიალიზზე იყო. პაციენტი კომოს წმინდა ანას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეს კასტილიონე დ’ადას მკვიდრის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა – რამდენიმე საათის წინ ამ ქალაქის მცხოვრები 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა მილანში, საკოს საავადმყოფოში.
კორონავირუსით გამოწვეული 7 ლეტალური შემთხვევიდან 6 ლომბარდიაში მოხდა, ერთი- ვენეტოში. წინა შემთხვევებში გარდაცვლილთა ასაკი 78-იდან 88 წლამდე იყო.
ამ დროისთვის იტალიაში ინფიცირებულთა რიცხვი 229-მდე გაიზარდა, საიდანაც 172 შემთხვევა ლომბარდიაში დარეგისტრირდა, 33 – ვენეტოს რეგიონში, ემილია-რომანიაში – 18, პიემონტში – 3, ლაციოში – 3. ვირუსი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებშია გავრცელებული.
სამხრეთ ტიროლში ერთი პაციენტი, რომელიც ლომბარდიაში იმყოფებოდა, შესაძლოა კორონავირუსით იყოს ინფიცირებული – მისი ტესტის პასუხს ელოდებიან. თუ ვირუსი დადასტურდა, ეს სამხრეთ ტიროლში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა იქნება.
ამრიგად, იტალია ახალი ვირუსის გავრცელების მხრივ მესამე ადგილზეა მსოფლიოში ჩინეთისა (77 ათასი შემთხვევა) და სამხრეთ კორეის (763 ინფიცირებული) შემდეგ.
კომენტარები