fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ჩინეთის ელჩი: ვაქცინა შეიქმნა, კორონავირუსს მალე დავამარცხებთ

დიპლომატი ჟურნალისტებს უჰანში ეპატიჟება ეპიდემიის დასრულების შემდეგ

ჩინეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მალე დაამარცხებს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიას და ქვეყნის რაიონების უმეტესობაში ნორმალური ცხოვრების რეჟიმი უკვე თებერვლის ბოლოდან აღდგება, უჰანსა და მთლიანად ჰუბეის პროვინციაში კი – მარტის განმავლობაში. ჩინეთის ელჩი რუსეთში აცხადებს, რომ უკვე შექმნილია ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტის გამომუშავებას უზრუნველყოფს, თუმცა  აუცილებელია მისი ბოლომდე დამუშავება და დამატებითი ტესტირება, – ამის თაობაზე ჟურნალისტებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ჩჟან ხანხუეიმ განუცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.

„ჩინეთში არსებობს მტკიცე რწმენა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში საბოლოოდ დავამარცხებთ ამ ეპიდემიას, – თქვა ელჩმა. – ეპიდემიის ცენტრის გარდა (უჰანის პროვინცია – რედ.) პროვინაციებისა და ქალაქების უმეტესობაში ამ თვის ბოლომდე აღდგება ნორმალური რეჟიმი. რა თქმა უნდა, ეპიდემიის ცენტრში, ვფიქრობ, ეს მომენტი მოგვიანებით დადგება – დაახლოებით მარტის განმავლობაში“.

დიპლომატის თქმით, ჩინეთში შემუშავებულმა ვაქცინამ უკვე აჩვენა თავისი ეფექტი, თუმცა დამატებითი კვლევებია საჭირო. „ჩვენმა მეცნიერებმა უკვე მოგვცეს ვირუსის სამგანზომილებიანი აღწერა – ეს ძალიან კარგი საფუძველია ვაქცინის შესაქმნელად. ჩინეთში უკვე შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტს აჩვენებს, მაგრამ ეს წინასწარი შედეგებია, კიდევ საჭიროა დრო [ვაქცინის] შემდგომი ექსპერიმენტებისა და დამუშავებისთვის“, – განმარტა ელჩმა.

მან კორონავირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა, მათ შორის, რუსი სპეციალისტების ჩართულობაზე, რისთვისაც რუსეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

„წელს ჩვენ ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. იცით, რომ ეპიდემიის ცენტრი – ქალაქი უჰანი – გმირი ქალაქია. 80 წლის წინ ჩვენ ერთად ვიბრძოდით ამ ქალაქში იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ. იქ არიან დაკრძალულები საბჭოთა ჯარისკაცები, მფრინავები, – გაახსენა დიპლომატმა ჟურნალისტებს ისტორია, – ასე რომ, ეპიდემიის შემდეგ უჰანში გეპატიჟებით, ეს ლამაზი ქალაქია“.

ელჩმა ჩინური მედიცინის ეფექტიანობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა 85%-ით და მეტით ეფექტიანია ჩინური მედიცინის წყალობით. მისი თქმით, დაავადების ადრეულ ეტაპზე ჩინური მედიცინით მკურნალობის შემთხვევაში პაციენტებს გართულებები აღარ აღენიშნებათ.

„ყველაზე ეფექტიანი კი – ეს არის ევროპული მედიცინა ჩინურ მედიცინასთან შეხამებით, – განაცხადა მან. – ყოველდღიურად 2000 ადამიანის გამოჯანმრთელება ხდება, მაშინ როდესაც რამდენიმე ასეული ადამიანი ინფიცირდება ყოველდღე“.

2 დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი  კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი პრობლემის წინაშე დადგა – უჰანში ახალი კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების 195 ფაქტი დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები ვერ ხსნიან. ამის გამო 22 თებერვლიდან ქალაქის ხელისუფლება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დამატებით კიდევ 14-დღიანი კარანტინის გავლას ავალდებულებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close