იტალიასაზოგადოება

კორონავირუსის მესამე მსხვერპლი იტალიაში, ინფიცირებულთა რაოდენობა განუხრელად იზრდება

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 152-ს მიაღწია, მილანის დუომო დაიკეტა

საგანგებო სიტუაციათა კომისრის, ანჯელო ბორელის თქმით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი განუხრელად იზრდება და ამ დროისათვის 152-ს მიაღწია, სამი გარდაცვლილის ჩათვლით, 155-ს – მესამე ლეტალური შემთხვევის შესახებ ამ საღამოს გახდა ცნობილი. გარდაიცვალა ქალბატონი კრემაში (კრემონის პროვინცია, ლომბარდია), რომელიც უმძიმეს სიტუაციაში ონკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს; პაციენტის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამის თაობაზე „ანსა“ წერს.

Codogno-ს (ლოდის პროვინცია, ლომბარდია) საავადმყოფოს მედდა, რომელსაც სააგენტო ANSA ტელეფონით დაუკავშირდა, ამბობს: „ყველაფერი, რასაც ისინი [ხელისუფლების წარმომადგენლები – რედ.] ამბობენ, ტყუილია, არაფერი არ არის კონტროლქვეშ. აბსოლუტური პანიკაა, საავადმყოფო დაკეტილია საზოგადოებისა და იმ პაციენტების ნათესავებისათვის, რომლებიც ჰოსპიტალიზებულები არიან; ნათესავები ნერვიულობენ თავიანთი ოჯახის წევრებზე, რომლებსაც დღეს ანალიზი აუღეს… ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ თავიდან ხარებს გაქცევის საშუალება მისცეს და მხოლოდ შემდეგ დაკეტეს ბოსელი“.

ლოდის პროვინციაში შესასვლელ გზებზე კონტროლი მიმდინარეობს – პოლიცია მძღოლებს აფრთხილებს, რომ თუ კარანტინის ზონაში შევლენ, იქიდან ვეღარ გამოვლენ. დაბლოკილია ათი მუნიციპალიტეტის შესასვლელი, მთავრობის განკარგულების შესაბამისად.

დღეს მილანის დუომოც დაიკეტა.

„მილანი თითქმის დაიცალა, მაღაზიების თაროებიც დაცარიელდა – რადგან სასწავლებლები და დაწესებულებები დაიკეტა, ბევრი წავიდა სამხრეთში, ადამიანები პროდუქტებს იმარაგებენ, აფთიაქებში პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებებიც გაქრა“, – გვითხრა ჩვენმა წყარომ, ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც დიდად შეშფოთებული არ ჩანდა. იგი ამბობს, რომ მკაცრად დაიცავს ვირუსის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულ ჰიგიენის წესებს და ფიქრობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მალე სიტუაცია დარეგულირდება.

ფეისბუქმომხმარებელი ინგა ბასიაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე მილანის სუპერმარკეტის ფოტოს აქვეყნებს.

„ეს ხდება მილანში… პროდუქტი აღარ აქვთ“ – ფეისბუქმომხმარებელი ზურა ბარბაქაძე ვიდეოს ავრცელებს:

* * *

ამ დროისათვის ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში COVID-19 კორონავირუსით ინფიცირებულია 78 891 ადამიანი (98 პროცენტამდე – ჩინეთში, განსაკუთრებით ჰუბეის პროვინციაში), გარდაიცვალა 2467, გამოჯანმრთელდა 23 386 პაციენტი.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა საკრუიზო ლაინერ „დაიმონ პრენსესზე“ – 634 (2 გარდაიცვალა); სამხრეთ კორეაში – 602 (6 გარდაიცვალა; ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო მთავრობამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა), იტალიაში – 152 (3 გარდაიცვალა), იაპონიაში – 135 (1 გარდაიცვალა).

საქართველოსთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ირანში კორონავირუსის გავრცელება – 43 ინფიცირებულიდან 8 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ამ საღამოს ირანიდან თბილისში ცარიელი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ირანის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.

ირანთან საზღვარი დაკეტა თურქეთმა და პაკისტანმაც.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო იტალიის მთავრობამ საგანგებო ზომები მიიღო.

საქართველოს საელჩომ იტალიაში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მიმართვა გაავრცელა 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close