იტალიასაზოგადოება

იტალიამ საგანგებო ზომები შემოიღო – კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 132-ს მიაღწია

ვენეციის კარნავალი შეჩერდა, „არმანის“ კოლექციის ჩვენება ცარიელ დარბაზში მოეწყობა

ლომბარდიის რეგიონში (დედაქალაქი – მილანი) ახალი ჩინური კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 89-ს მიაღწია (ერთი გარდაიცვალა), ვენეტოში – 25-ს (ერთი გარდაცვლილის ჩათვლით). ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა კომისარმა ანჯელო ბორელიმ დღეს განაცხადა. პიემონტში 6 დადსტურებული შემთხვევაა, ემილია-რომანიაში – 9, ლაციოში – 2; ამრიგად, მთლიანად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 132-ს მიაღწია (ჩინელი ცოლ-ქმრის ჩათვლით, რომლებიც ჯერ ისევ რომის სპალანცანის საავადმყოფოში იმყოფებიან); 26 ადამიანი რეანიმაციაშია. ამის თაობაზე „ანსა“ იტყობინება.

159 ადამიანი მეთვალყურეობის ქვეშაა – მათ შემთხვევაში ვირუსზე ტესტის პასუხს ელოდებიან.

კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების თანახმად, რომელსაც ატილიო ფონტანამ, ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, მთელ ლომბარდიაში, მილანის ჩათვლით, სასწავლო დაწესებულებები დაიკეტა – სკოლამდელიდან დაწყებული, უმაღლესი სასწავლებლების და ყველანაირი კურსების ჩათვლით. ღონისძიება არ შეეხო დისტანციურ სწავლებას.

ორშაბთიდან პირველი მარტის ჩათვლით დროებით შეჩერდება ყველანაირი აქტივობა ტრიესტისა და უდინეს უნივერსიტეტებში; ასევე, შეჩერდა სასწავლო პროცესი პიემონტისა და გენუის უნივერსიტეტებში. ვენეტოში სკოლები და მუზეუმები პირველ მარტამდე (ჩათვლით) დაკეტილი იქნება.

გუშინ (22 თებერვალი) საღამოს პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ახალი ზომების შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც იტალიის 2 მოქალაქე დაიღუპა კორონავირუსის გამო: 78 წლის მამაკაცი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ვენეტოში  გარდაიცვალა, 77 წლის ქალი კი – ლომბარდიაში, თუმცა იმის შესახებ, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, მხოლოდ ცხედრის აუტოპსიის შემდეგ გახდა ცნობილი.

ამ ორი ჩრდილოური რეგიონის ათეული პატარა დასახლება კარანტინშია. დაახლოებით 50 ათასმა მცხოვრებმა ხელისუფლებისგან მიიღო მითითება, რომ სახლებში დარჩნენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კარანტინის ზონების დატოვება ამიერიდან სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია. ამ რაიონებში დაიკეტა სკოლები, გაუქმდა სპორტული ღონისძიებები, მათ შორის, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის (სერია A) მატჩები.

ვენეციის კარნავალი შეჩერდა.

კარანტინის ღონისძიებების დაცვას პოლიცია აკონტროლებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში არმიაც ჩაერთვება.

იტალიის ხელისუფლება შიშობს, რომ ვირუსი უკვე გავიდა ვენეტოსა და ლომბარდიის იზოლირებული ზონებიდან, რაც მის გავრცელებასთან ბრძოლას აძნელებს.

„ამ ვირუსით ინფიცირების ხარისხი ძალიან მაღალია, ის ძალიან ძლიერია“, – აღნიშნა ლომბარდიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯულიო გალერამ.

ჯერჯერობით ვერ დადგინდა ე. წ. „საწყისი პაციენტი“, რომლისგანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია იტალიაში ვირუსის ასეთი აფეთქება, რადგან ინფიცირებულებს არ ჰქონიათ კავშირი იმ აზიური ქვეყნებიდან შემოსულებთან, სადაც უკვე დაფიქსირდა ვირუსის გავრცელების სერიოზული კერები.

კორონავირუსი და მილანის მოდის კვირეული

კორონავირუსის აფეთქება უკვე აისახა მილანის მოდის კვირეულზე: ჯორჯო არმანის კოლექციის ჩვენება, რომელიც დღეს ადგილობრივი დროით 16 სთ-ზე უნდა გაიმართოს, ცარიელ დარბაზში მოეწყობა, რადგან მიწვეულ სტუმრებს სთხოვეს, ღონისძიებაზე არ მივიდნენ, – ამის თაობაზე „ბიბისი“ წერს.

ახალი კოლექციის სამოსში გამოწყობილი მოდელები პოდიუმზე გაივლიან და მათი ნახვა შესაძლებელი იქნება სტრიმინგის რეჟიმში „არმანის“ საიტებზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

„ეს გადაწყვეტილება თავად [„არმანის“] სტუმრების უსაფრთხოების გათვალისწინებით მივიღეთ, რათა მათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა არ მოუწიოთ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ნიკო აბაშიშვილი

კორონავირუსის მესამე მსხვერპლი იტალიაში, ინფიცირებულთა რაოდენობა განუხრელად იზრდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close