საქართველოკრიმინალი

„მშობლებს შვილს, ყველაზე ძვირფასს, განზრახ როგორ მოუკლავდა?!“ – გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა 

რა გახდა გუდაურში ახალგაზრდაკაცის მკვლელობის მიზეზი? კობიაშვილის მეუღლის, ნატა ქიტესაშვილის თქმით, დაპირისპირება ტურისტების გამო დაიწყო, რომელთაც მერაბ კობიაშვილი გამოესარჩლა. მისივე ინფორმაციით, ვიზიტორებს ბარში ზედმეტი თანხა გადაახდევინეს, რასაც მისი მეუღლის, ამჟამად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის, პროტესტი მოჰყვა. ინციდენტი  კი თავდაპირველად მკვლელობამდე ორი კვირით ადრე მოხდა.

ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, კობიაშვილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და  გუდაურში ტურისტები მიჰყავდა. გარდაცვლილ ბარმენსა და ბრალდებულს შორის პირველად  სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ორი კვირის თავზე მერაბ კობიაშვილს იმავე ბარში ახლა ფრანგი ტურისტები მიიყვანა და ფაქტი განმეორდა – ბარმენებმა ახლა ფრანგებს გადაახდევინეს ზედმეტი თანხა. კობიაშვილს მათთან კვლავ მოუვიდა შელაპარაკება, რაც ამჯერად ტრაგიკული შედეგით დასრულდა.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მერაბ კობიაშვილს თავდამსხმელებმა რამდენჯერმე სცემეს. ადვოკატ ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავი რომ არ დაეცვა, მკვდარი დღეს შეიძლება ის ყოფილიყო და მან გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება – დაეცვა საკუთარი თავი“.

საქმეში, სულ ცოტა, ორი ვიდეომტკიცებულება დევს, ერთ-ერთში მკვლელობამდე არსებული დაპირისპირებაა ასახული. როგორც კადრებიდან ჩანს, სანამ მერაბ კობიაშვილი გაისროდა, მას რამდენიმეკაციანი ჯგუფი დაესხა თავს და სასტიკად სცემეს. მისი ადვოკატის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული ისეთი ნაცემი იყო, რომ ბრალის წარდგენის შემდეგაც, იზოლატორშიც ვერ მოათავსეს და საავადმყოფოში დატოვეს.

მოკლულის ახლობლები კი აცხადებენ, რომ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და, ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი – დავით სეთურიძე, რომელიც, თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა. იგი უმძიმეს მდგომარეობაშია.

28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობისა და დავით სეთურიძის დაჭრაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა.

მერაბ კობიაშვილის მეუღლე, ნატა ქიტესაშვილი ამ თემაზე ფეიბუქში რამდენიმე პოსტს ავრცელებს:

„თაზოს ფოტოები ვნახე და…

მოვკვდი …

საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის გამო. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

თქვენ გგონიათ, მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება, როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…

ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია, დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს…

არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!“

შემდეგ პოსტში მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე წერს იმ დამსახურებების შესახებ, რაც მერაბ კობიაშვილს ქვეყნის წინაშე მიუძღვის:

„ეს ჩემი მეუღლის ის არასრული მედლები და სამადლობელი წერილებია, რაც დამალული არ აქვს… მოიტანდა სახლში და ისე შემოდებდა ზემო თაროზე ვითომაც არაფერი, არადა როგორ არაფერი?! თარო გამოვყავი და გამოვფინე ერთხელაც… მოვიდა ნახა, აალაგა ყველაფერი და მარტო ერთი სიგელი დატოვა, საუკეთესო მამის სიგელი, რომელიც ბაღში გადასცეს. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ესააო, ყველაზე მეტად ამ ჯილდომ გამახარაო ცხოვრებაშიო…

მშობლებს შვილს, ყველაზე ძვირფასს, განზრახ როგორ მოუკლავდა?!“ – წერს მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე.

„მერაბ კობიაშვილი საქართველოსათვის თავგანწირული მეომარია!“ – ასე იწყებს პოსტს მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი გიორგი ბერიძე და სვამს კითხვას:  „სამჯერ აარიდა უბედურებას თავი, რა ექნა? დალოდებოდა როგორ მოკლავდნეენ?“

გუდაურში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, რაც 16-იდან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითვალისწინებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close