fbpx
ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

კომპანია „სვეტის“ მშენებლობები მარტის დასაწყისში განახლდება

„სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500 ოჯახი საცხოვრებელ ფართებს დაიბრუნებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოებას რამდენიმე სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პირველ რიგში, კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა საკითხზე და განაცხადა, რომ ყველა მისამართზე პროექტები უკვე შეთანხმებულია, მომდევნო კვირაში კი შესაძლებელი იქნება სამშენებლო ნებართვების გაცემა.

კალაძის განმარტებით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების წარმოება გაგრძელდება.

„მინდა დავიწყო საკითხით, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა 2500 ოჯახისთვის. საქმე ეხება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ, როდესაც მოგვეცა უფლებამოსილება და დავიწყეთ მერიაში მუშაობა, წარმოიქმნა ეს პრობლემა. ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებმა გაიღვიძეს, ვისაც ეგონათ, რომ ჰქონდათ საცხოვრებელი ფართები, ნახეს, რომ ყველაფერი დაკარგულია – არც ფართები არსებობს, არც კომპანიას აქვს შესაძლებლობები, რომ მშნებელობა განაგრძოს, დაამთავროს, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მათ ჰქონდათ აღებული 2500 ოჯახის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე თითოეული ადამიანისთვის. ჩვენ ჩვენი ჩართულობით, ჩვენი მუშაობით მოვახერხეთ ის, რომ გამოინახა სამშენებლო კომპანია „M2“, რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, გაფორმდა მემორანდუმები და დღეს სიახლე, რაც მინდა, მოვახსენო საზოგადოებას არის ის, რომ ყველა პროექტზე, რომელიც ეხებოდა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებს, ყველა ამ მისამართზე პროექტები არის შეთანხმებული. შესაბამისად, მომდევნო კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება სამშენებლო ნებართვების გაცემა. პარალელურად, მარტის დასაწყისში შესაძლებელია უშუალოდ სამუშაოების წარმოება ანუ მშენებლობის გაგრძელება ამ კონკრეტულ მისამართებზე. ძალიან მიხარია, რომ პროექტები განხორციელდება და ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაიბრუნონ თავიანთი საცხოვრებელი ფართები, საკუთარი ბინები, რაშიც თანხა აქვთ გადახდილი და ამდენი ხანი ელოდებოდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს.

კალაძემ მაგალითად მოიყვანა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები.

„ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, არ ვჩერდებით, მჯერა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ და 6000-ზე მეტ ოჯახს გავაბედნიერებთ, დავუბრუნებთ სიხარულს საცხოვრებელი ფართების გადაცემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე ამბობს, რომ იმავე პრობლემის წინაშე დგანან სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარლებული ოჯახებიც.

„ანალოგიურად მიმდინარეობს მუშაობა და აქაც უახლოეს მომავალში შედეგი მიღწეული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაში დაახლოებით 170-ზე მეტი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა.

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, მათი ჩართულობის, მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოგვარება ამ პრობლემების, რომლებიც რამდენიმე წელია, არსებობს ქალაქში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარკვეული ოჯახებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close