fbpx
მედიცინამსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა SARS-ის ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობას გადააჭარბა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ამ დროისთვის (10.02.2020; 12:00 სთ თბილისის დროით) 910-ს მიაღწია და 2002-2003 წლებში SARS-ის ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობას უკვე მკვეთრად გადააჭარბა. ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეპიდემიის უმაღლესმა წერტილმა გადაიარა, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს მცირეხნიანი ჩაწყნარებაა „ქარიშხლის წინ“. 

2002-2003 წლებში SARS-ის ვირუსით დაავადებულთაგან ჩინეთში 774 ადამიანი გარდაიცვალა. მთელ მსოფლიოში SARS-ის ვირუსით 8 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 800 იყო. მაშინ ამ ვირუსის გავრცელებას ეგზოტიკური ხორცის ჭამას უკავშირებდნენ.

კორონავირუსი 2019n-CoV ვირუსების იმავე ოჯახს ეკუთვნის.

მსოფლიოში ახალი ჩინური კორონავირუსით  დაავადებულთა რიცხვი ამ დროისთვის 40 547-ია, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 3410 ადამიანი (თითქმის 4-ჯერ მეტი, ვიდრე გარდაცვლილია).

ყველა ლეტალური შემთხვევა, გარდა ორისა, ჩინეთში დაფიქსირდა. ჩინეთის გარეთ 2 ადამიანია გარდაცვლილი: ერთი – ჰონკონგში, ერთი – ფილიპინებში. რამდენიმე დღის წინ ვირუსით გამოწვეული პნევმონიით უჰანის საავადმყოფოში ამერიკელი მამაკაცი (აშშ-ის მოქალაქე) დაიღუპა. ეს ჩინეთში ახალი ვირუსისგან უცხოელის გარდაცვალების პირველი შემთხვევა იყო.

ევროპაში კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება გერმანიაში (14) და საფრანგეთში (11). იტალიაში 3 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 3 შემთხვევაა დიდ ბრიტანეთში, 2 – ესპანეთში, 2 – რუსეთში, ერთი – ფინეთში, ერთი – შვედეთში და ერთი – ბელგიაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close