მოკლული მამაკაცი მონასტერში სტუმრად იმყოფებოდა. როგორც მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი აცხადებს, მამაკაცი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონასტერს ხშირად სტუმრობდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. წინამძღვრის ინფორმაციით, ის მკურნალობდა და ლოცულობდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 50-წლამდე მამაკაცია, წარსულში მკვლელობისთვისაა ნასამართლევი და, როგორც მონასტერში ამბობენ, ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. აღნიშნული პირი გაქცეულია.
მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარი მკვლელობის ფაქტს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, – წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
1tv.ge
კომენტარები