fbpx
საზოგადოებასაქართველო

კორონავირუსის ტესტირება საქართველოში უკვე შესაძლებელია

ახალი სახეობის კორონავირუსის დიაგნოსტირება საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია.

„გუშინ ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტიდან ღამე ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები, რაც ჩვენ გვაკლდა იმისთვის, რომ ბოლომდე დაგვესვა ლაბორატორიული დიაგნოზი ამ დაავადების“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დილის მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ არის 6 ადამიანი, მათგან ორის სინჯები როტერდამის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და იქიდან ჩამოსული პასუხი უარყოფითია – მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამ პაციენტების ანალიზების ტესტირებისას ანალოგიური პასუხი მიიღეს ლუგარის ლაბორატორიაშიც.

ამ დროისათვის ახალი ჩინური კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ასეთია:

ლაბორატორიულად დადასტურებულია დაინფიცირების 20 679 შემთხვევა;

გარდაცვლილია  427 ადამიანი;

გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა  697.

ჩინეთის გარეთ კორონავირუსი კიდევ 26 ქვეყანაში (ჰონკონგის ჩათვლით) დაფიქსირდა – სულ 190 შემთხვევა. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გარეთ ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიით გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევაა – ფილიპინებსა და ჰონკონგში.

ევროპაში ყველაზე მეტი დაინფიცირებული გერმანიაში ფიქსირდება – 12 ადამიანი; 6 დადასტურებული შემთხვევაა საფრანგეთში, 2 – იტალიაში, 2 – დიდ ბრიტანეთში, 2 – რუსეთში, 1- ესპანეთში, 1 – შვედეთში, 1 – ფინეთში (წყარო: gisanddata.maps.arcgis.com).

შეგახსენებთ რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რომელიც მანამდე ახალი ვირუსის საფრთხეს საშუალოდ აფასებდა, 30 იანვარს დამოკიდებულება შეცვალა და კორონავირუსის ახალი სახეობის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ნინო ხოშტარია

p. s. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაავადებულია ქალი, რომელიც საფრანგეთის მიერ ჩინეთიდან, ქალაქ უჰანიდან ევაკუირებულ პირებს შორის იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მას დაავადების სიმპტომები ამ დრომდე არ გამოვლენია. დაავადებული ქალი ბრიუსელის სენ პიერის საავადმყოფოშია მოთავსებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close