მსოფლიომედიცინასაზოგადოება

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. მისი თქმით, ორივე დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.

ერთი შემთხვევა იმიერბაიკალეთში დაფიქსირდა, მეორე კი – ტიუმენის ოლქში. ჯერ კიდევ გუშინ საღამოს რუსეთი აცხადებდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით არავინ იყო ინფიცირებული.

გოლიკოვამ, აგრეთვე, განაცხადა, რომ რუსეთი კორონავირუსის საფრთხის გამო ზღუდავს რუსეთის ფედერაციასა და მონგოლეთს შორის საზღვრის გადაკვეთას და იწყებს თავისი მოქალაქეების ევაკუაციას ჩინეთის ქალაქ უჰანიდან და ჰუბეის პროვინციიდან. ვიცე-პრემიერის თქმით, უჰანში რუსეთის 300 მოქალაქე იმყოფება, ჰუბეის პროვინციაში კი – 341. მათ საშუალებას მისცემენ, აირჩიონ, დარჩნენ ჩინეთში ან დაბრუნდნენ რუსეთში. დაბრუნების შემთხვევაში მოქალაქეები 2 კვირას კარანტინში გაატარებენ.

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო 30 იანვარს რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. აიკრძალა ფრენებიც. ამასთან, რუსეთის ხელისუფლებამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.

კორონავირუსები – ვირუსების ოჯახია, რომლებიც უპირატესად ცხოველებს აზიანებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანსაც გადაეცეს. ჩვეულებრივ, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები მსუბუქად მიმდინარეობს, მძიმე სიმპტომატიკის გარეშე, თუმცა არის მძიმე ფორმებიც – მაგ., ისეთი, როგორიცაა ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი (Mers) და მძიმე მწვავე რესპირატორიული სინდრომი (Sars), რომლებსაც ახალი კორონავირუსიც დაემატა – 2019-nCoV.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close