საზოგადოებასაქართველო

ანიტას დედის გზავნილი ანიტას გულშემატკივრებს

მსოფლიოს ყველა წამყვანმა კლინიკამ იცის უკვე ანიტას შესახებ – ამის შესახებ 2 წლის ანიტა ფაცაციას დედამ მარიკო სადრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მარიკო სადრაძემ ანიტას შესახებ ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

„71-ე ღამემშვიდობისა ანიტას გულშემატკივრებო. მიხარია, რომ ამ ჯგუფში ფეხს ვერ იკიდებს აგრესია და ნეგატივი. ძალიან მადლობელი ვარ, 71.000 ადამიანი ერთი აზრისა და სიყვარულის ირგვლივ ხართ გაერთიანებულები. სააგენტოებთან მექნება მოკრძალებული თხოვნა, რომ მოერიდონ მწვავე სათაურებს. ანიტელებო, გთხოვთ ენდოთ მხოლოდ ამ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციას.

რადგანაც რეანიმაციაში შესვლა დიდი პრობლემაა, მეტი დრო გამომიჩნდა თქვენთან სასაუბროდ და დღეს შემაჯამებელსაც მე დავწერ. ანიტა ისევ ძველებურად მოწყენილია, მაგრამ მოთმინებით ელოდება როდის გათავისუფლდება ამ მოწყობილობებისგან. დღეს შევთანხმდით, რომ ბებოს მეორე ვაზასაც გავუტეხავთ (ერთი თბილისში ყოფნისას დაამტვრია). მოკლედ, მისი გონება მუდამ მომართულია ცელქობისკენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხები.

1. რატომ ვცდილობ რეანიმაციაში უკანონო შეჭრას?

მიუხედავად დიდი გასანცდელისა, აბსოლუტურად ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს და კარგად ვაცნობიერებ რა არის ჩემი შვილისთვის კარგი. დაბადების წამიდან მე და ანიტა სულ ერთად ვართ. ახლა კი, ყველაზე მძიმე პერიოდში, დარჩა მარტო. თქვენ არ გინახავთ მისი შეშინებული თვალები, როდესაც იქ შევდივარ. არც ერთი ნორმალური დედა არ მიატოვებს ამ დროს შვილს და ზუსტად ვიცი დაცვას კი არ მთას გადადგამს გვერდით და ისე შეაღწევს მის სანახავად. ექიმებიც აცნობიერებენ იმას, რომ 2 წლის ბავშვის აბსოლუტურად უდედოდ დარჩენა არ შეიძლება და ისინიც ხშირად მაძლევენ შესვლის ნებას. ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, არსებობს ადამიანის, მითუმეტეს ბავშვის ფსიქიკა, რომელიც ვინ იცის როგორ ზარალდება ასეთ დროს.

2. თუკი იყო მკურნალობის შანსი, რატომ თქვა ევროპამ უარი?

ევროპაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც გულის გადანერგვას უკეთებენ მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს (მიზეზია დონორთა ორგანოების სიმცირე). ავსტრიას მკურნალობაზე არ უთქვამს უარი, თუმცა მკურნალობის პროცესში, რომ მომხდარიყო ის, რაც ინდოეთში მოხდა, ქირურგიულ ჩარევას ვერ გააკეთებდნენ, თავისი კანონიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა ევროპა და წამოვსულიყავით ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველანაირი პროცედურა ჩაუტარდებოდა ანიტას, რაც იმ მომენტისათვის საჭირო გახდებოდა.  ევროპასთან ვცადეთ მოლაპარაკება, რომ ხელოვნური გული მაინც გადაენერგათ, რათა ბავშვისთვის თვითმფრინავით მგზავრობა ყოფილიყო უსაფრთხო, შემდეგ კი წამოვიდოდით ინდოეთში, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ, რადგან ხელოვნური გულის გადანერგვა ავტომატურად დონორის რიგში ჩაყენებას გულისხმობს.

ამავე კანონის მიხედვით გვითხრა უარი თურქეთმაც.

3. რატომ არ წავიყვანეთ რუსეთში? ლეო ბოკერია უშველიდა.

მთელი რუსეთი და უკრაინა ინდოეთში მოდის გადასანერგად. ახლაც ნახევარი კლინიკა სავსეა რუსულენოვანი პაციენტებით. 10 წლამდე ბავშვებში გულის გადანერგვა რუსეთში არ კეთდება.

4. რატომ თქვა ბელორუსიამ უარი?

რუსეთის მსგავსად, ბელორუსიაც არ მუშაობს 10 წლამდე პაციენტებთან.

მაშასადამე, ერთადერთი გამოსავალი იყო ინდოეთში წამოსვლა, მაგრამ გამზადებულ დონორს ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაგახვედრებს, რადგან დონორი უნდა იყოს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანი, რომელიც ზომით, წონით, სისხლის ჯგუფითა და სხვადასხვა კრიტერიუმებით შეესაბამება პაციენტს და რომლის მშობლებიც გამოთქვამენ მზაობას, რომ გააკეთონ კეთილი საქმე და გადაარჩინონ სხვა ბავშვის სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, ჩამოსვლისთანავე ვერავინ გაუკეთებდა გადანერგვას. დონორის გამოჩენიდან დაახლოებით 36 საათი გვაქვს გადასანერგად.

ინდოეთზე მეც არ მქონდა კარგი წარმოდგენა და ამიტომ წავედი თავიდან ევროპაში. მას შემდეგ, რაც უბრალოდ სხვა გზა არ გვქონდა წამოვედით აქ. რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ვართ 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის პალატაში. საავადმყოფო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ კლინიკის სამგანზომილებიანი ტური. რაც შეეხება ანიტას ექიმს, ექიმ ბალაკრიშნას, ეს არის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ქირურგი, რომელსაც 26.000-ზე მეტი გადანერგვის ოპერაცია აქვს ჩატარებული და ამის შემდეგ მოდი ნუ გამოვუცხადებთ ამ ძალიან კარგ ადამიანებს უნდობლობას.

ექიმი ბალაკრიშნას, ტაქტიკა ასეთია: ის ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადოს გულის გადანერგვა ან საერთოდ დაუმორჩილოს პაციენტი მკურნალობას, რათა აირიდოს თავიდან ეს ურთულესი ოპერაცია. ანიტასთანაც ამის მცდელობით დაიწყო, მაგრამ ეს დაავადება არის ვერაგი და არაპროგნოზირებადი. ახლა იძულებულები ვართ სხვადასხვა მექანიკური ხელსაწყოების საშუალებით დაველოდოთ დონორს. თუმცაღა, რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტების უმრავლესობას ხშირად ეთესებათ სისხლში სხვადასხვა სახის ინფექცია. ეს მსოფლიოს ყველა რეანიმაციის ზოგადი პრობლემაა და არა მხოლოდ ინდოეთის.

ჩემ გარშემო არიან მეგობრების არმია, ოჯახის წევრები და ამ ადამიანებმა მსოფლიო შეაზანზარეს. დამერწმუნეთ მსოფლიოს ყველა წამყვანმა კლინიკამ იცის უკვე ანიტას შესახებ. თითქმის ყოველდღიური კავშირი მაქვს იტალიაში ძალიან მაგარ ქართველ ქირურგთან, გერმანიაში უძლიერეს ინფექციონისტთან, ავსტრიაში კარდიოქირურგთან და საქართველოში კლინიკა „ჯერარსის“ წამყვან სპეციალისტთან, დავით ბერიშვილთან და მის გუნდთან. აბსოლუტურად, ყველა ინფორმირებულია ანიტას მკურნალობის დეტალებზე და მათი აზრითაც, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ ინდოეთში წამოსვლით.

ასე რომ, ინდოელი ექიმების თავდაუზოგავი მონდომება და თქვენი ლოცვა ერთად დიდ სასწაულს მოახდენს. თქვენც და მეც ამის გვჯერა მთელი გულით…“ – წერს მარიკო სადრაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close