fbpx
იტალიაკრიმინალიმიგრაცია

„ტრამპმაც რომ მოითხოვოს, ვიდრე პროკურორი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იტალიაში გარდაცვლილ ქართველს ვერ გადმოვასვენებთ“

იტალიაში, სადეპორტო განყოფილებაში, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ვახო ჯოხაძის სამშობლოში გადმოსვენების დეტალები ორშაბათს, 27 იანვარს გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, შეიძლება ეს საქმე კიდევ უფრო ხმაურიანი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულში სამართალდამცველების მონაწილეობა დადასტურდება. ასევე, ექსპერტიზის შედეგებზე იქნება დამოკიდებული კომპენსაციის საკითხიც ანუ მიიღებს თუ არა ან რა რაოდენობის კომპენსაციას მიიღებს გარდაცვლილის ოჯახი.

როგორც „2020NEWS”-ს იტალიაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ განუცხადა, 37 წლის ვახო ჯოხაძის ცხედარს ორშაბათს აუტოფსია ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, როდის მოხდება მისი სამშობლოში გადმოსვენება.

„ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა. ადამიანი განსაკუთრებულ ვითარებაში გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ გარდაცვლილი ან ნაცემია, ან ცემის დროს გარდაცვლილი. ამ ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იტალიურ პრესაში.

არა მხოლოდ პრესაში, იტალიის პარლამენტში მკაცრად დაისვა ეს საკითხი. სისხლის სამართლის საქმე საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ არის აღძრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქის გარდაცვალების საქმე იტალიის პოლიტიკურ ინტერესებში მოხვდა.

შესაბამისად, ახლა ჩვენზე აღარაფერი აღარ არის დამოკიდებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი არა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც რომ მოითხოვოს გარდაცვლილის სამშობლოში დროული გადმოსვენება, ვიდრე საქმის პროკურორი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სამართალწარმოებისათვის ცხედარი საჭირო აღარ არის, არაფერი შეიცვლება“, – განუცხადა „2020NEWS“-ს კონსტანტინე სურგულაძემ.

მისივე თქმით, 37 წლის ვახო ჯოხაძის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. ექსპერტიზის შედეგებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, დამოკიდებული იქნება კომპენსაციის საკითხიც.

„ეს ცოტა რთული და ხანგრძლივი პროცედურაა, მაგრამ აუცილებელია ყველა დეტალის განხილვა. ეს საქმე, თავის სიმძიმიდან გამომდინარე, შეიძლება კიდევ უფრო ხმაურიანი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულში სამართალდამცავების მონაწილეობა დადასტურდება.

გარდა ამისა, ექსპერტიზის შედეგებზე იქნება დამოკიდებული დაზარალებულის კომპენსირების საკითხიც ანუ მიიღებს თუ არა ან რა რაოდენობის კომპენსაციას მიიღებს გარდაცვლილის ოჯახი“, – აცხადებს კონსტანტინე სურგულაძე.

ვახო ჯოხაძის ოჯახი კი გარდაცვლილის სამშობლოში სასწრაფოდ გადმოსვენებას ითხოვს.

ამის შესახებ „2020NEWS”-ს გარდაცვლილის ახლობლებმა და მეგობრებმა განუცხადეს.

შეგახსენებთ, 14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ვახო ჯოხაძე გარდაიცვალა.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ისინი გააშველეს და კონფლიქტში მონაწილეები დააკავეს. მათ შორის იყო ვახო ჯოხაძეც. ციხეში ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა. გამოძიებას იტალიის პროკურატურა აწარმოებს.

2020news.ge

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close