რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.
„25 იანვრის 21:00 საათის მდგომარეობით, რუსეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც შაბათ საღამოს „ტელეგრამში“ გამოქვეყნდა.
ამასთან, ამავე უწყების ინფორმაციით, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩინეთში დაავადების 7 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთანაგანაც ერთი ლეტალური შედეგით დასრულდა.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ჩინეთის გარეთ კორონავირუსით დაავადების შემთხვევები (ერთი ან რამდენიმე შემთხვევა, ყველა პაციენტი ჩინეთიდან ჩავიდა) გამოვლინდა ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, სინგაპურში, მალაიზიაში, ტაივანში, იაპონიაში, ვიეტნამში, ნეპალსა და საფრანგეთში.
მედია წერს, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და მას მუტაციის უნარიც აქვს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსი ჯერჯერობით დაავადებული ადამიანისგან სხვა ადამიანს არ გადასდებია.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები