ჩინეთის ქალაქ უჰანში საქართველოს სამი მოქალაქე ამ დრომდე რჩება
ჩინეთის ქალაქ უჰანში (WUHAN), კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ამ დრომდე რჩება საქართველოს სამი მოქალაქე. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ადასტურებს.
ელჩის თქმით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებთანაც, რომლებიც ჰუბეის პროვინციაში არ არიან. 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზიც.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 57 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2027-ს მიაღწია. კიდევ 2700 ადამიანზე ეჭვობენ, რომ ისინი კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი. დაავადების შემთხვევები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, მათ შორის, პეკინსა და შანხაიშიც.
არჩილ კალანდიას ინფორმაციით, როგორც ცენტრალური მთავრობა, ისე ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ჩინეთის ლიდერმა ვირუსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას „მძიმე“ უწოდა.
ე. წ. უჰანის პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ჩინეთმა 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი 2019-nCoV გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში – უჰანსა და ჰუანგანში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი (რომელიც ჩინეთში 25 იანვარს დადგა) მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
დაავადებას კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი იწვევს. ვირუსი უკვე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც – ტაილანდში, იაპონიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, კანადაში, მალაიზიასა და აშშ-ში. რუსეთს რაც შეეხება, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები არ დაადასტურა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები