მედიცინამსოფლიოქართველები უცხოეთში

ქართველი ლექტორი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც ავსტრალიაში გადასვლა მოასწრო (ვიდეო)

გაიოზ ცუცუნაშვილი უკვე წელიწად-ნახევარია, გერმანული გაცვლითი პროგრამით ჩინეთში, ქალაქ უჰანში იმყოფება ოჯახთან ერთად და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ვირუსის გავრცელების შესახებ მან 31 დეკემბერს გაიგო სოციალური ქსელებიდან, პირველ იანვარს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და დაიხურა ის ბაზარი, საიდანაც ვირუსის გავრცელებას ეჭვობდნენ. მას ახსოვდა, რომ წლების წინ კორონავირუსმა სამხრეთ ჩინეთში არაერთი ადამიანი შეიწირა და ახალი, სავარაუდოდ, ლეტალური ვირუსის გამოჩენისთანავე დაიწყო ფიქრი იმაზე, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა ქალაქი.

ჩინეთიდან ავსტრალიაში იგი ერთი კვირის წინ გაემგზავრა – მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩაკეტილი აეროპორტები, სარკინიგზო და მეტროს სადგურები. ახლა მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად სასტუმროში ცხოვრობს და უჭირს თქმა, როდის მოახერხებს კვლავ ჩინეთში დაბრუნებას. უკან დასაბრუნებელი ბილეთი 10 თებერვალს ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ ავიაკომპანიამ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ფრენების გაურკვეველი ვადით გაუქმების შესახებ.

გაიოზ ცუცუნაშვილის თქმით, ქალაქის ჩაკეტვის შემდეგ იქ პანიკაა: ხალხი ცდილობს მოიმარაგოს სურსათი, ხდება ინციდენტები მარკეტებში, სადაც ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი უკვე თვალსაჩინოა. ევროპული ქვეყნები, მაგალითად, გერმანია, ამ დროისთვის ეპიდემიის კერიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა საელჩოები მათ შესახებ მონაცემებს აგროვებენ.

ვირუსის პირველი შემთხვევა აშშ-მა დაადასტურა. ვაშინგტონის შტატის მცხოვრები, რომელიც 15 იანვარს დაბრუნდა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, სიეტლის საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმე ეხება 30-იდან 40 წლამდე მამაკაცს, რომელმაც ექიმებს 19 იანვარს მიაკითხა, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.

ახალი ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა. მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი ცხოველიდან გავრცელდა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close