ოჯახური ტრაგედია საბერძნეთში – 48 წლის მამაკაცმა ცოლი მოკლა და თავი მოიკლა
ოჯახური ტრაგედია მოხდა სოფელ მაკრაკომიში (ფტიოტიდა) – ოჯახის უფროსმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ნიკოს ბეიტუსი თავის ტექმომსახურების სადგურს ყოველ დილით აღებდა, თუმცა იმ დილით 12 საათამდე რომ არ გააღო და არც სატელეფონო ზარს უპასუხეს არც ცოლმა და არც ქმარმა, ნაცნობები შეშფოთდნენ და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისული სამართალდამცველები სახლში შევიდნენ და კოშმარული სურათი დახვდათ: ქალი და მამაკაცი იატაკზე იწვნენ სისხლის გუბეში.
როგორც გამოცემა lamiareport.gr წერს, 50 წლის მარია ფასიანის ტყვია სახეში აქვს მოხვედრილი, ხოლო მის 48 წლის ქმარს, ნიკოს ბეიტუსს იმავე იარაღით ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, წყვილი ჩხუბობდა, როდესაც მამაკაცმა პისტოლეტი მიუშვირა ცოლს და გაისროლა, შემდეგ კი შემოაბრუნა იარაღი და ტყვია გულში დაიხალა.
ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახლობლების და ნათესავების თქმით, წყვილს არასოდეს მიუმართავს პოლიციისთვის (ცოლი ქმარს არასდროს უჩიოდა) და მათ ურთიერთობაში არანაირი სერიოზული პრობლემა არ შეუმჩნევიათ. ისინი გარდაცვლილებს საუკეთესო, მშვიდ, ხალისიან, შრომისმოყვარე, თავმდაბალ ადამიანებად ახასიათებენ და ტრაგედიას ახსნას ვერ უძებნიან.
გამომძიებლებმა, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, მეორე პისტოლეტიც იპოვეს, რომელიც ნიკოსს ეკუთვნოდა – მძარცველებისგან თავდასაცავად, რადგან რამდენიმე ხნით ადრე უცნობებმა მისი ობიექტის გაძარცვა ცადეს.
მიმდინარეობს გამოძიება.
წყვილს დღეს კრძალავენ მაკრაკომის წმინდა სამების ტაძრიდან. ოჯახის ნათესავებს და ახლობლებს იმედი აქვთ, რომ გამოძიება ამ ტრაგედიის ნამდვილ მიზეზს დაადგენს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები