fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

სიყვარულისა და სიტყვის ძალა

ლუთერ ბერბანკი (BURBANK, LUTHER,1849-1926) – ამერიკელი მეცნიერი, სელექციონერი და მებაღე. მან გამოიყვანა მშვენიერი ხილის მრავალი სახეობა (ქლიავის 100-ზე მეტი სახეობა, მათ შორის – უკურკო) და საოცარი ყვავილები. ის არასოდეს უშინდებოდა ყველაზე რთულ ექსპერიმენტებს, რომლებიც მთელ მის ძალისხმევას მოითხოვდა და უფრო ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავდა, ვიდრე სელექციონერის მშვიდობიან საქმიანობას.

ბერბანკმა ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისია დაისახა – უდაბნოში გაეშენებინა ნაყოფის მომცემი კაქტუსის ჯიში (ოპუნცია), რომელიც პირუტყვის საძოვრებადაც გამოდგებოდა და ადამიანსაც მშვენიერ წვნიან, გამაგრილებელ ნაყოფს მისცემდა. სურვილი კი შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს კაქტუსი იმდენი და ისეთი ვერაგი ეკლებითაა შემოსილი, რომ ნებისმიერს უკარგავს მისი მოხმარების ყოველგვარ სურვილს.

მეცნიერმა ამოცანად დაისახა გამოეყვანა ხსენებული კაქტუსის ახალი ჯიში – ეკლების გარეშე. თექვსმეტწლიანი დაძაბული შრომა, ამოუწურავი გამომგონებლობა და დაუღალავი დაკვირვება დაახარჯა მან კაქტუსებზე ექსპერიმენტებს.

ბერბანკმა ცდების დაწყებიდანვე იცოდა, თუ რა ძნელ და ნაკლებსაიმედო საქმეს მოჰკიდა ხელი. მან მოინდომა „განეარაღებინა“ და იოლად მოსაპოვებელი გაეხადა კაქტუსი (ოპუნცია), რომელმაც, ღმერთმა უწყის რამდენი თაობის ბუნებრივი გადარჩევის პროცესში, უდაბნოს ექსტრემალურ პირობებთან შეგუებისა და გამრავლების უნარი გამოიმუშავა.

ბერბანკი წერდა: „ყველაზე საფუძვლიანი, ძვირადღირებული და ყველაზე დამღლელი ექსპერიმენტი, რაც კი ოდესმე ჩამიტარებია, კაქტუსზე ჩავატარე. საერთო ჯამში, ამ სამუშაოს თექვსმეტ წელზე მეტი დრო დავახარჯე… ჩემი კანი ნემსების ბალიშს ჰგავდა, იმდენი ეკალი იყო მასში… ხანდახან ხელებსა და სახეზე იმდენი ეკალი მქონდა შერჭობილი, რომ მათ სამართებლით ვიჭრიდი ან სახეხი ქაღალდით ვიფხეკდი.

საქმე ადგილიდან არ იძვროდა, უამრავი მარცხი ვიწვნიე… დაბოლოს ხელის ჩაქნევასაც ვაპირებდი – იქნებ ამას ასობით თაობა დასჭირდეს, სანამ კაქტუსს უეკლოდ გამოვიყვანთ“.

ლუთერ ბერბანკი, როგორც მეცნიერი, ცდილობდა, ბიოლოგიური გზებით მიეღწია შედეგამდე და არაფერი გამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მოახერხა კაქტუსის მიღება ეკლების გარეშე… და იცით, როგორ? ამ ნიჭიერმა მეცნიერმა, უბრალოდ, „დაითანხმა“ კაქტუსი, ეკლებზე უარი ეთქვა! მან მცენარეებთან საუბარი დაიწყო. არავინ იცის, ამას რამდენი ხანი დასჭირდა და რა სიტყვებს იყენებდა ბერბანკი, მაგრამ საბოლოოდ კაქტუსი მის თხოვნას „დაჰყვა“!

მეცნიერის სიტყვები, რომლებიც დადასტურებულია მისი პირადი გამოცდილებით, შეიძლება საუკეთესო რჩევა იყოს მებოსტნეებისთვის და, ზოგადად, ყველა ადამიანისთვის: „მცენარეთა საუკეთესო მოშენების საიდუმლოება, გარდა სამეცნიერო ცოდნისა, არის სიყვარული“… და გულიდან მომდინარე ალერსიანი სიტყვები…

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close