მსოფლიოქართველები უცხოეთში

ქართველი ვოკალისტი ცოლად თავის კუმირს გაჰყვა

ბათუმელი მომღერალი თეო ჩიტიშვილი როკჯგუფ „VANILLA CAGE“-ის ვოკალისტია. ის ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ბრესუირში ცხოვრობს. თუ როგორ მოხვდა იქ და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, თავის ზღაპრულ ისტორიას ის „პრაიმტაიმს“ უყვება.

„ჩემს მშობლებს თუ დავუჯერებთ, ლაპარაკიც არ ვიცოდი, რომ უკვე ვმღეროდი… ვუკრავდი ფოტრეპიანოზე, დავამთავრე ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური შვიდწლედი, სიმღერაში კი ჩემი წარმატება 18 წლიდან დაიწყო, როცა „ნუცას სკოლაში“ მივიღე მონაწილეობა.

აქედან დაიწყო ჩემი აქტიური მუსიკალური ცხოვრება. მქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში, როგორიცაა: „The Voice Of Georgia”, „X ფაქტორი“, ასევე გავედი 2012 წლის ევროვიზიის ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე ჯგუფ „Vanilla Cage“-თან ერთად. 2015 წლიდან ჯგუფი აქტიურად ჩაება მუსიკალურ ცხოვრებაში, გავხდით „Newcomers Georgia 2015”-ის გამარჯვებულები და გამოვედით საქართველოს „Open Air“ ფესტივალზე, სადაც მონაწილეობდნენ როგორც ქართული ჯგუფები, ისე ძალიან ცნობილი უცხოური ჯგუფები, მაგალითად, როგორიცაა „Black Label Society” და ა. შ.

2018 წლის ზაფხულს მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ როკფესტივალში „Hell Fest“, რომელიც საფრანგეთში ყოველწლიურად ტარდება, სადაც მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები და როკ–ჯგუფები, როგორებიც არიან: „Marilyn Manson“, „Deep Purple“, „Link Bizkit“, „Iron Maiden“, „Aerosmith“, „Black Sabbath“, „System Of A Downs“ და ა. შ. ჯონი დეპიც კი მონაწილეობდა ელის კუპერთან ერთად „Hollywood Vampires“.

ჩემს საოცნებო ჯგუფებთან ერთად დავუკარით, რომლებსაც ვუსმენ მთელი ჩემი ცხოვრება. ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება. ალბათ ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. „Vanilla Cage“ ასევე თბილისის ერთ-ერთ კლუბ „Elektrowerk“-ში ლეგენდარულ ჯგუფ „Sepultura”-სთან ერთად გამოვედით, ეს ყველაზე დაუვიწყარი მომენტი იყო“, – აღნიშნავს მომღერალი.

საფრანგეთი 

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოვჩნდი საფრანგეთში: ძალიან მიყვარდა ერთ-ერთი ფრანგული ჯგუფი „Trepalium“, რომელსაც წლების განმავლობაში ვუსმენდი. მათი სიმღერები მქონდა ტელეფონშიც, ფლეერშიცვაზიარებდი სოციალურ ქსელებშიც… მათ ვიდეოებს ხშირად ვტვირთავდი ჩემს ფეისბუქვერდზე და ერთხელაც „Trepalium“-ის დრამერისგან მივიღე წერილი… ის მადლობას მიხდიდა იმისთვის, რომ ვაზიარებდი მათ სიმღერებს და ვუსმენდი მათ შემოქმედებას.

დავიწყეთ მიმოწერა, შემდეგ საქართველოშიც ჩამომაკითხა… საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში მათთან ერთად სცენაზეც კი გამოვედი, დღეს ის ჩემი მეუღლეა და გვყავს ულამაზესი შვილი ელენა. ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცხოვრება ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის წევრს დაუკავშირდებოდა…

როცა უკვე საცხოვრებლად წამოვედი საფრანგეთში მეუღლესთან ერთად, 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი. დავტოვე ყველაფრი: ჩემი ოჯახი, სამსახური, მეგობრები, ჩემი ქვეყანა… როდესაც ელენა დაიბადა და სრულიად მარტო აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში, ძალიან გამიჭირდა. ფრანგულად მაშინ არ ვსაუბრობდი. მოგეხსენებათ, საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპის მასშტაბით, რომელიც ყველაზე ნაკლებად საუბრობს ინგლისურად. მეუღლის გარდა არავინ საუბრობდა საერთაშორისო ენაზე, ამიტომაც მიჭირდა კომუნიკაცია. ხშირი იყო გაუგებრობები, მეუღლის მშობლებს ჟესტებით ვესაუბრებოდი, ძალიან მაკლდა ჩემი მშობლები, ახლობლები და ამ მხრივ დიდი სტრესი გადავიტანე, თუმცა ძლიერი აღმოვჩნდი. როცა მივხვდი, რომ არ იყო დანებების დრო, ძალიან მალე ავითვისე ფრანგული ენა, შევეგუე და მოვერგე ყველაფერს“, – გვითხრა მომღერალმა.

მისი თქმით, ფრანგები ძალიან პოზიტიურები არიან.

„არ არიან ბრაზიანები და დანევროზებულები, როგორც ჩვენ – ქართველები (იცინის). ყველა ყველას უღიმის, ქუჩაში უცნობ ადამიანებსაც კი ესალმებიან. გამოყოფენ უდიდეს სითბოს, ოჯახის წევრებიც ერთმანეთში ძალიან მოკრძალებულები არიან, ხშირად მესმის სიტყვები – ბოდიში, თუ შეიძლება… რაც უნდა გაბრაზებით თქვა რამე, თავად ღიმილით ან ხუმრობით გპასუხობენ“.

როგორც თეო გვეუბნება, მეუღლის მშობლებში ძალიან გაუმართლა, არიან ძალიან მეგობრულები, გახსნილები და უზომოდ კეთილები…

„როგორც შვილი, ისე ვგრძნობ თავს მათთან და ესეც მიადვილებს ჩემი მშობლებისგან შორს ყოფნას. რა თქმა უნდა, არის განსხვავება შეხედულებაში, კულტურაში… ორივე სხვადასხვანაირად გავიზარდეთ, თუმცა როცა ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ მე ასე მიმაჩნია სწორად, თუნდაც ბავშვთან მიმართებაში, ყოველთვის ითვალისწინებენ ჩემს შეხედულებას და მას პატივს სცემენ. ძალიან მოხარული ვარ ამით, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

თეოს თქმით, მისმა მშობლებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ რაღაც მიმოწერები ჰქონდა ფრანგ მუსიკოსთან, თუმცა ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

„როცა საკითხი სილვას (ჩემი მეუღლე) ჩამოსვლაზე და ხელის თხოვნაზე მიდგა, რა თქმა უნდა, იყო ღელვა – სად მიდიხარ, ასე შორს უნდა იყო?! და ა. შ. ნორმალურიც იყო მშობლების მხრიდან მსგავსი რეაქციები, მაგრამ როცა პირადად გაიცნეს და მიხვდნენ, როგორი ადამიანიც იყო, პოზიტიურად განეწყვნენ და დამშვიდდნენ. მიხვდნენ, რომ ამ ადამიანის გვერდით მათი შვილი ბედნიერი იქნებოდა და ასეც არის“.

როგორც თეო ამბობს, მისი მეუღლე არ არის ტიპური ფრანგი, ოდნავ განსხვავებულია და ალბათ ამიტომაც იყო მისი არჩევანი.

„სილვა არის უზომოდ კეთილი, გულღია და მეგობრული. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დადის ტურებში, სხვადასხვა როკფესტივალებზე და უკრავს ასევე ძალიან ცნობილ ჯგუფში სახელწოდებით „Igorrr”, ის მაინც ახერხებს ოჯახისთვის დროის დათმობას. თვლის, რომ მხოლოდ მე არ უნდა ვალაგებდე სახლს, არ უნდა ვრეცხავდე ჭურჭელს, მარტო არ უნდა ვუვლიდე ბავშვს. ამბობს, რომ ეს მისი მოვალეობაცაა. ნელ-ნელა საქართველოშიც წამოვიდა ეს მენტალიტეტი და შეგნება, რომ სახლის საქმეები და ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობა არაა, რაც ძალიან კარგია“, – ამბობს თეო ჩიტიშვილი.

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close