fbpx
პოლიტიკაქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალისაქართველო

ქართულმა მხარემ იტალიის ელჩს 20 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ფაქტზე დეტალური ინფორმაციის მოწოდება მოსთხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც nostal.ge უცვლელად გთავაზობთ:

„შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოთქვეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით. ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება. თავის მხრივ, იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიელი სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის თაობაზე ასევე დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგრეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ,რომ იტალიაში, გორიციის სადეპორტაციო ცენტრში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. კერძოდ, იტალიური მედიის ინფორმაციით, დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი ვერსიით, რომელსაც ემიგრანტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, საქართველოს მოქალაქეს იტალიელმა პოლიციელებმა სცემეს, რომლებიც სადეპორტაცო დაწესებულებაში მომხდარი ჩხუბის განსამუხტად შევიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიური მხარისგან მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა. მიმდინარე კვირას იგეგმება ექსპერტიზის ჩატარება.

გორიციის პროვინციის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close