საზოგადოებასაქართველო

ნათლისღების დღესასწაულის ადათ-წესები და ცოტა ასტროლოგია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც მართლმადიდებელი ქვეყნების უმეტესობა, 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს.

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს ურიგდებათ. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მასში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. მას აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება:

აჭარა –  ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. კიდევ ერთი რიტუალი: ნათლულებს თავიანთი ნათლიებისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭა – ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

სვანეთი – ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მისტიკური ტრადიცია „ქვინარეში“, სულების მოპატიჟების რიტუალია. შობასა და ნათლისღებას შორის, რომელიღაც ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს სუფრა იშლება და საკურთხი მზადდება მიცვალებულთათვის. იმ დღეებში ისე იქცევიან, თითქოს ისინინამდვილად მოდიან. კერძებსაც კი იმას ამზადებენ, რომლებიც გარდაცვლილს უყვარდა.

ლეჩხუმი – ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული ჰქონდათ.

ქართლი – ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

შიდა ქართლში – კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა. შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე ახალი პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. პატარძალს ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

მთიანეთი – ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

გურია – საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ.

სამეგრელო – ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

თბილისი – წირვის შემდეგ მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ტარდებოდა.

ასევე, ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. როგორც ძველები ამბობდნენ, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

დაბოლოს, ცოტა ასტროლოგია.

„სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული“, წერს ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

„19 იანვარი – ნათლისღების დღესასწაული, საკმაოდ მშვიდი და პოზიტიური დღეა. თითქმის ყველაფრისთვის გამოსადეგი, დასანანიც კია, რომ უქმეა და ბევრი არაფრის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ თუ რამეს გემავთ, რაც ოფიციალური გაფორმების გარეშეც შეიძლება გაკეთდეს – გააკეთეთ! სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული. ისე კი, მოდით, დავუფიქრდეთ ნათლისღების თარიღს – დღე, როდესაც ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე მდინარე იორდანეს წყალში მოინათლა. რას გამოხატავს 19 იანვარი ასტროლოგიურად? დასავლური ზოდიაქოს მიხედვით, ეს არის საზღვარი თხის რქასა და მერწყულს შორის. დღე, როდესაც მზე მერწყულის ზოდიაქოში გადაბრძანდება. ანუ ისე, როგორც ქრისტეშობა უკავშირდება ზამთრის მზებუდობის დღეს, ნათლისღების დღესასწაულიც მჭიდრო კავშირშია ბუნების ციკლურობასთან, რომელსაც, თავის მხრივ, შეისწავლის კიდეც ასტროლოგია.

და როდესაც საუბარია წყალკურთხევაზე, ძნელია არანაირი ასოციაცია არ გაგიჩნდეს მერწყულთან, რომლის სიმბოლოსაც წყლის ჭურჭლიანი კაცი წარმოადგენს… და ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ დღეს მოხდა იესოს წყლით კურთხევა ანუ ნათლისღება, მისი ცხოვრების ერთი ციკლის დასასრულს და მეორეს დასაწყისს გამოხატავს“, – წერს ასტროლოგი.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close