საზოგადოებასაქართველო

ქართველი მოსწავლე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულია: „ეს წარმატება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათემატიკაში კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ თეიმურაზ თოლორაიამ 255 კონკურსანტს შორის უმაღლესი ქულა მოიპოვა. მან 42 შესაძლებლიდან 42 ქულის დაგროვება შეძლო და პირველი ადგილიც ღირსეულად დაიმსახურა.

როგორც თეიმურაზ თოლორაიამ „ფორტუნას“ განუცხადა, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან აღნიშნულ ოლიმპიადაზე მანამდე საქართველოს საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი იყო.

თეიმურაზი „ფორტუნასთან“ საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ დღემდე არაერთ ოლიმპიადაზე იასპარეზა წარმატებით. ქართველმა მოსწავლემ საკუთარი ცოდნით საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალის მოპოვება შეძლო.

„აქამდეც მქონია წარმატებები, თუმცა ეს ყველაზე კარგია ჯერჯერობით. შარშან და შარშანწინ ამ ოლიმპიადზე ავიღე ვერცხლის (ინფორმატიკაში) და ბრინჯაოს (მათემატიკაში) მედლები.

საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკაში მაქვს ორი ბრინჯაო, ინფორმატიკაში – ერთი ბრინჯაო. რუმინეთის მასტერზე მათემატიკაში – ბრინჯაო და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე – ვერცხლი. ეროვნულ ოლიმპიადაზე მათემატიკაში მაქვს პირველი, მეორე და მესამე ადგილები, ფიზიკაში – მესამე ადგილი.

ეს წარმატება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან მანამდე საქართველოს საუკეთესო შედეგი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი იყო მათემატიკაში“, – ამბობს თეიმურაზ თოლორაია.

fortuna.ge

P. S. INFO: ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ყოველ წელს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ტარდება. ტურნირის ფარგლებში არის როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს კონკურსში 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე, რომელიც უხვმოსავლიანი აღმოჩნდა კომაროველი მოსწავლეებისათვის. 14 მონაწილიდან (კომაროვის სკოლა 2 გუნდით იყო წარმოდგენილი) 13-მა აიღო მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. აქედან 3 ოქროა, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდური გამარჯვებისათვის. გრან-პრი ბელგრადის სკოლამ აიღო, გაგვასწრეს სოფიის და ბუქარესტის ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლებმაც. აღსანიშნავია რუსული სკოლების დაბალი შედეგები, რომლებიც მრავლად იყვნენ ოლიმპიადაზე. ჩემს მახსოვრობაში პირველად მოხდა, რომ საუკეთესო 7 გუნდში (ოლიმპიადის წესებით გუნდურ შეჯიბრში მხოლოდ 7 გუნდი ჯილდოვდება) ვერცერთი რუსული სკოლა ვერ მოხვდა, მათ შორის, ვერც ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ეს ფაქტი მეტყველებს ძალიან დიდ კონკურენციაზე. ამას ადასტურებს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც. წელს 3 საგანში 600-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა“, –  წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ინფორმატიკის მოსწავლეთა ნაკრების თანალიდერი ზაზა გამეზარდაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close